logo
ENG



ზალკალიანი: სახდეპი დადებითად აფასებს ქვეყანაში არსებულ ჯანსაღ და მიმზიდველ ბიზნესგარემოს

22 ივლ 202114:46
3 წუთის საკითხავი
clock 1238
საქართველოს მთავრობა

საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საინვესტიციო გარემოს შეფასებას ეხმიანება და ამბობს, რომ სტრატეგიული პარტნიორი დადებითად აფასებს ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებაში ნათქვამია, რომ ინვესტორების მხრიდან ქართული სასამართლო სისტემისადმი უნდობლობა იზრდება, ხშირია დროში გაწელილი სასამართლო პროცესები და მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტური პროცესები, ამავდროულად, საუბარია პოლიტიკურ ჩარევებზეც.

ამის ფონზე კი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ პარტნიორები დადებითად აფასებენ რეფორმებს და "საქართველო წარმოადგენს კარგად ფუნქციონირებად და სტაბილურ საბაზრო ეკონომიკას". 

„მოხარული ვართ, რომ დეპარტამენტი დადებითად აფასებს ქვეყანაში არსებულ ჯანსაღ და მიმზიდველ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს. წლების განმავლობაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების შედეგად, საქართველო წარმოადგენს კარგად ფუნქციონირებად და სტაბილურ საბაზრო ეკონომიკას. ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს მოწინავე პოზიციები რეგიონსა და მსოფლიოში, რაც ასახულია უმნიშვნელოვანესს საერთაშორისო რეიტინგებშიც.

ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები დადებით შეფასებას აძლევენ საქართველოს მიერ არაერთი მიმართულებით გატარებულ უმნიშვნელოვანეს რეფორმებსა და პროგრამებს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და მიმზიდველობის გაზრდის მიზნით", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს საინვესტიციო გარემოს შეფასება გამოაქვეყნა. შეფასებაში საუბარია, რომ საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და მასზე პოლიტიკური გავლენა კვლავ პრობლემურია. ასევე, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ კითხვები რჩება მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებითაც, ხოლო ბევრი ინვესტორი მიიჩნევს, რომ სასამართლო პროცესები საქართველოში ნელი, არაეფექტური და ნაკლებად გამჭვირვალეა.


close დახურვა