logo
ENG



ბოკერია: სამწუხაროდ, პრეზიდენტ მიშელის რეაგირება კვლავ არ იყო ვითარების ადეკვატური

29 ივლ 202117:04
3 წუთის საკითხავი
clock 669
ბოკერია: სამწუხაროდ, პრეზიდენტ მიშელის რეაგირება კვლავ არ იყო ვითარების ადეკვატური

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ქართული ოცნების 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლასთან დაკავშირებით შარლ მიშელის რეაგირება ადეკვატური არ იყო. 

ბოკერიას მიაჩნია, რომ მმართველი პარტიის მიერ კიდევ ერთ დარღვეულ პირობაზე შესაბამისი რეაგირება თავად საზოგადოებას უნდა ჰქონდეს და სწორედ ამ შემთხვევაში იქნება პარტნიორების რეაგირება ქართველ საზოგადოებასთან თანხვედრაში.

„სამწუხაროდ, კვლავ არ იყო ადეკვატური ვითარების პრეზიდენტ მიშელის რეაგირება და ეს განცხადება, მაგრამ როდესაც ჩვენი საზოგადოება მისცემს ადეკვატურ რეაქციას ამ რეჟიმს შემდეგი ოქტომბრის არჩევნებზე, რათქმაუნდა, თავისუფალი სამყარო, ევროკავშირი და შეერთებული შტატები იქნებიან მხარდამჭერები საქართველოს დემოკრატიის და სუვერენიტეტის. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ადგილზე და შემდეგ ამ მოქმედებას დაეწევა ადეკვატური რეაქცია ყველა ჩვენი პარტნიორის და პრეზიდენტს მიშელისაც მათ შორის,“- ამბობს ბოკერია.

დღეს, 29 ივლისს, ქართული ოცნების 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი გამოეხმაურა.

მიშელმა აღნიშნა, რომ საკითხზე პოლიტიკურ მხარეებთან კონსულტაციებს იწყებს და მოუწოდებს მათ, პირველ რიგში დააყენოს მოქალაქეთა ინტერესები.  

თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე ქართულმა ოცნებამ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. 

ქართული ოცნება უარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში. ამასთან, 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები, შესაძლოა, 53%-ის შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუმცა ეს მმართველი გუნდის "კეთილ ნებასა" და სხვადასხვა პირობაზე იქნება დამოკიდებული.


close დახურვა