logo
ENG



გომელაური 5 ივლისზე: 6 ჟურნალისტი დაზიანდა მძიმედ, 17-მსუბუქად, 53 ადამიანის ცემა არ ყოფილა

02 აგვ 202114:52
3 წუთის საკითხავი
clock 632
საქართველოს მთავრობა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ 5 ივლისს ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე განხორციელებულ მასობრივ ძალადობას გმობს, თუმცა ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების დაკავებისთვის "დანაშაულის სტანდარტების" გამოკვეთას ელოდება.

"ასეთი რაღაც მე მართლა არ მახსოვს ჟურნალისტებზე თავდასხმა და ძალადობა და კიდევ ერთხელ ვგმობ. რაც შეეხება ორგანიზატორების დასჯის თემას, ამაზე გითხარით, რომ გამოძიება დაწყებულია, თუმცა დანაშაულის სტანდარტები თუ არ გამოიკვეთა და დაკავების სტანდარტები თუ არ იქნება, მე რა უფლება მაქვს, რომ დავაკავო",- თქვა გომელაურმა.

ჟურნალისტის რეპლიკას, რომ ფაქტების მიუხედავად, გამოძიება დამნაშავეებს მაინც არ აკავებს, გომელაური ასე პასუხობს:

"31 ადამიანი დავაკავეთ. არ მინდა ხოლმე დაკონკრეტება, მაგრამ ისევ ჩავალ მაშინ დეტალებში... 6 ჟურნალისტი იყო მძიმედ დაზიანებული, სამწუხაროდ, ერთი იყო ლაშქარავა და 17 ჟურნალისტი იყო მსუბუქად დაზიანებული...53 ადამიანის ცემა არ ყოფილა. ფაქტები მოგვეცით მაშინ, მოიტანეთ... ეგრე ხომ არ არის, მაშინ ვთქვათ, რომ 100 კაცი ცემეს და დაიჭირეთ 1000 კაცი",- ამბობს გომელაური.

5 ივლისს, 18:00 საათზე Tbilisi Pride-ის კვირეულის ფარგლებში ღირსების მარში უნდა გამართულიყო. მსვლელობა რუსთაველის მეტროსთან 18:00 საათზე დაიგეგმა. საპატრიარქომ მალევე დააანონსა მარშის საწინააღმდეგო აქცია. 

5 ივლისს, დილის 09:00 საათიდან ძალადობრივი ჯგუფები ჯერ ქაშუეთის ტაძრის უკან შეიკრიბნენ, მალევე კი პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს და ოპოზიციონერი აქტივისტების კარვები დაშალეს. მალევე მათ დაიწყეს ადგილზე მოვლენების გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობა.

სცემეს, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუზიანეს აპარატურა და პირადი ნივთები 53 მედია საშუალების წარმომადგენელს, მათ შორის იყო TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა. 

 

 


close დახურვა