logo
ENG



საია ჩოლოიანზე: ესაა დანაშაულის წაქეზება, რომელიც შეიძლება სამართალდამცავებმა ჩაიდინონ

05 აგვ 202114:13
3 წუთის საკითხავი
clock 1157

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ ლუკა სირაძის საქმეში მსჯავრდებული მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლება უსამართლო გადაწყვეტილება იყო. საია გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის ინტერესების დამცველია. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ეს დანაშაულის წაქეზებაა.

"ჩვენ ძალიან აღშფოთებულები და გაბრაზებულები ვართ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც ჩვენ ვნახეთ მარიანა ჩოლოიანთან დაკავშირებით და მორიგ უსამართლობასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ ლუკა სირაძის საქმეში ვნახეთ. ეს არის არა ამ საქმესთან დაკავშირებით მიღებული მორიგი უსამართლო გადაწყვეტილება, არამედ ესაა პირდაპირი წაქეზება ნებისმიერი იმ დანაშაულისა, რომელიც შეიძლება სამართალდამცავებმა ჩაიდინონ ნებისმიერი ჩვენგანის მიმართ და ისინი დაუსჯელები დარჩნენ", - აღნიშნავს სიმონიშვილი.

სიმონიშვილი ამბობს, რომ ოჯახი არ ეთანხმებოდა ჩოლოიანისთვის სამი წლით თავისუფლების აღკვეთას და განაჩენი სააპელაციოში ჰქონდა გასაჩივრებული. ამასთან, იგი ხაზს უსვამს, რომ სირაძის საქმეზე მხოლოდ ერთი ადამიანი დააკავეს და სხვა მხრივ გამოძიება წინ არ წასულა.

"ერთადერთი ადამიანიც კი, რომელიც იყო დაკავებული, პირველივე შესაძლებლობისთანავე გაათავისუფლეს და გაათავისუფლეს სასამართლოს გზის გავლით. იმიტომ, რომ იყო მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება და ამის შემდგომ მიიღო უდომ გადაწყვეტილება გათავისუფლებასთან დაკავშირებით. როგორც წესი, სასამართლო არ უთითებს გათავისუფლებაზე და უდოს უფლება ჰქონდა სხვა გადაწყვეტილება მიეღო. კომისია არ დაინტერესდა ოჯახის პოზიციით", - აცხადებს სიმონიშვილი.

დღეს, 5 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით, მარიანა ჩოლოიანმა საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვა. გასული წლის სექტემბერში მოზარდის მიმართ ჩვენების იძულების ბრალდებით ჩოლოიანს სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

15 წლის ლუკა სირაძე ერთ-ერთი კორპუსის მე-9 სართულიდან 2019 წლის 11 დეკემბერს გადახტა. ის რამდენიმე დღე კომაში იყო, 17 დეკემბერს კი გარდაიცვალა. ოჯახის და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ლუკა სირაძეზე პოლიციამ ფსიქოლოგიურად იძალადა - მას 2 დღის განმავლობაში კითხავდნენ და მუქარით სთხოვდნენ დანაშაულის აღიარებას მას შემდეგ, რაც "მწვანე სკოლის" კედლებზე წარწერები გააკეთა.

გამოკითხვას მოზარდის დედაც ესწრებოდა, თუმცა, როგორც საიამ და თავად ლუკა სირაძის დედამ თქვა, მოზარდი დაახლოებით 20 წუთით გამომძიებლებთან ოთახში მარტო დარჩა. საქმეში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ჩაერთო.

17 დეკემბერს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. 2020 წლის 15 ივლისს, ფორმულას ეთერში ლუკა სირაძის დედამ, ელიკო ჩხიტუნიძემ თქვა, რომ დაკითხვის დროს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი ბავშვს "კისრის მოგრეხით" ემუქრებოდა. ასევე, მისი თქმით, განყოფილებაში მყოფი სხვა პირებისგან გინება ისმოდა. ელიკო ჩხიტუნიძის და საიას მტკიცებით, მოზარდზე ზეწოლას, ჩოლოიანის გარდა, კიდევ 3 პოლიციელი ახდენდა. 7 თებერვალს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გენერალურ ინსპექციას მიმართა საქმეში სხვა პოლიციელების გადაცდომებზე რეაგირების მოთხოვნით. მარიანა ჩოლოიანის მიმართ არასათანადო მოპყრობის ბრალდება 2011 წელსაც არსებობდა. მაშინ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა. კერძოდ, საქმე 2011 წლის 26 მაისს ე.წ ყინწვისის სპეცოპერაციის დროს ნიკოლოზ გოგუაძის საქმეს ეხება. მარიანა ჩოლოიანმა დასჯისა და აღიარებითი ჩვენების მოპოვებისთვის გოგუაძის მიმართ როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად იძალადა.


close დახურვა