logo
ENG



ღარიბაშვილი ბელარუსის კგბ-ზე: შეთანხმება მოქალაქეების წინააღმდეგ არ იქნება გამოყენებული

31 აგვ 202110:29
3 წუთის საკითხავი
clock 752

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შეთანხმება, რომელიც ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურთან დაიდო, არც ერთი მოქალაქის წინააღმდეგ არ იქნება გამოყენებული. ჟურნალისტებთან მან განმარტა, რომ 2016 წელს, როცა შეთანხმება გაფორმდა, დასავლეთის ქვეყნებსა და ბელარუსს  ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ.

"მაშინ ჩვენ ეს ინფორმაცია გავავრცელეთ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც განმარტა, რომ არაერთ ევროპულ ქვეყანას გაფორმებული აქვს ანალოგიური შინაარსის შეთანხმებები ბელარუსთან. 2016 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააფორმა ანალოგიური შინაარსის შეთანხმება ბელარუსის შესაბამის სამსახურთან. მაშინაც და მერეც ხუთი წელი გავიდა არავის არ გახსენებია საერთოდ. უბრალოდ, ერთი თვის წინ თვითონ ბელარუსმა ძალაში შეიყვანა ეს შეთანხმება და ისევ ჩვენმა მავნებლებმა და ქვეყნის მტრებმა დაიწყეს მორიგი პროპაგანდა სახელმწიფოს წინააღმდეგ. დაიწყეს ჩვენი ქვეყნის გაშავება. ისეთი რაკურსით დაიწყეს ამ ინფორმაციის გაშუქება და გაშვება დასავლეთში, რომ თითქოს დიდ არანორმალურ ვითარებასთან გვქონდა საქმე.

რა თქმა უნდა შეთანხმება არც ერთი მოქალაქის, მით უმეტეს ბელარუსის არც ერთი მოქალაქის წინააღმდეგ არ არის და არ იქნება გამოყენებული. ეს არის ჩარჩო შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც უსაფრთხოების სამსახურები თანამშრომლობენ ტრანსნაციონალურ დანაშაულთან დაკავშირებით", - ამბობს ღარიბაშვილი.

მაშინ, როცა აშშ-ს, კანადას, ევროკავშირს და დიდ ბრიტანეთს ბელარუსისთვის არაერთი სანქცია აქვთ დაწესებული, 2021 წლის 1-ლ აგვისტოს საქართველოს სუს-ს და ბელარუსის კგბ-ს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა. დოკუმენტი 2016 წელს გაფორმდა. 

დოკუმენტის მიხედვით, მისი მიზანია მხარეებს  შორის  მჭიდრო  თანამშრომლობის განვითარება ტერორიზმის, კიბერტერორიზმის, კორუფციის, ექსტრემიზმის და სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში.

შეთანხმება ითვალისწინებს ინფორმაციის რეგულარულად გაცვლას სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე. 

დოკუმენტის ამოქმედების შემდეგ საქართველოში მცხოვრები ბელარუსი აქტივისტები და ჟურნალისტები შიშობენ, რომ შესაძლოა, ისინი გამოგონილი ბრალდებებით დააკავონ და ბელარუსს გადასცენ. 

ბელარუსში ოპოზიციონერ აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე რეპრესიები ერთ წელზე მეტია, ხორციელდება. 

მას შემდეგ, რაც 2020 წლის 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა, ქვეყანაშ მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. ოპოზიცია და მოქალაქეები არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვდა, თუმცა, უშედეგოდ. 

აქციებზე დააკავეს ათობით ათასი ადამიანი. მოკლეს, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი. ქვეყანა დატოვა ათობით აქტივისტმა და ჟურნალისტმა. 

ამ დროის განმავლობაში ამერიკამ, კანადამ, ევროკავშირმა  და დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსს არაერთი სანქცია დაუწესეს. 

სანქციები ათობით ინდივიდსა და კომპანიას შეეხება, როგორც მთავრობის ოფიციალურ პირებს, ისე კანონმდებლებს, თავად ალექსანდრ ლუკაშენკოს კაბინეტის მინისტრებს და ოჯახის წევრებს. სანქციების შესაბამისად, დასავლეთში მათ აქტივები იყინება და მოგზაურობაზე შეზღუდვები წესდება.


close დახურვა