logo
ENG



თეთრ სახლში ბაიდენი ზელენსკის შეხვდა

02 სექ 202110:58
3 წუთის საკითხავი
clock 1281

თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. პრეზიდენტის რანგში ეს ზელენკის პირველი ვიზიტია თეთრ სახლში. ამასთან, ზელენსკი ევროპული ქვეყნის მეორე ლიდერია, რომელიც ბაიდენმა თეთრ სახლში მიიღო. მანამდე ვაშინგტონს გერმანიის კანცლერი ეწვია.

1-ლ სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტებმა პირისპირ ისაუბრეს და შემდგომში მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.

სამიტის ბოლოს თეთრმა სახლმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა. მოლაპარაკებების პერიოდში ბაიდენმა და ზელენსკიმ ჟურნალისტებთან არ ისაუბრეს, ასევე, არ ყოფილა ერთობლივი პრესკონფერენცია.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახლა აშშ-სა ​და უკრაინას შორის ურთიერთობა ამაზე მყარი არასდროს ყოფილა.

როგორც ცნობილია, მხარეებმა უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხები განიხილეს. ზელენსკიმ ოკუპირებულ და ანექსირებულ ტერიტორიებზე, ასევე რუსეთში დაკავებული ადამიანების გათავისუფლებაში დახმარება ითხოვა. კიევის მიერ ვაშინგტონისთვის გადაცემულ სიაში დაახლოებით 450 სახელია.

ბაიდენმა და ზელენსკიმ ასევე განიხილეს NATO-ში უკრაინის გაწევრიანება და ჩრდილოეთ ნაკადი 2-ს გავლენები. ორივე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გაზსადენი, რომლის მშენებლობაც უახლოეს მომავალში უნდა დასრულდეს, ევროპის ენერგოუსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

ამასთან, ვაშინგტონი მზადაა, უკრაინას 60 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყოს, რომელიც მოიცავს ტანკსაწინააღმდეგო სისტემა ჯაველინსა და სხვა ტექნიკას.

განცხადებაში საუბარია კორუფციასთან ბრძოლის დახმარებაზეც. კერძოდ, აშშ მხარს უჭერს სპეციალური პროკურორის თანამდებობის შექმნას, რომელიც უშუალოდ კორუფციის საქმეებზე იმუშავებს. აშშ-მ დაადასტურა, რომ გააგრძელებს უკრაინის ეკონომიკურ დახმარებას, მათ შორის კორონავირუსის პანდემიის დაძლევის კუთხით. მომავალში 12,8 მილიონი დოლარის ოდენობის პრეპარატებისა და საშუალებების გაგზავნა იგეგმება.


close დახურვა