logo
ENG



ნიკა კვარაცხელიას მამიდა: არანაირი კავშირი [კრიმინალურ] სამყაროსთან არ ჰქონია

18 სექ 202118:26
3 წუთის საკითხავი
clock 2447
2021/09/18/s6fridvj63g5n46.png

ნიკა კვარაცხელიას ოჯახი ახალგაზრდას მკვლელობის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს - მამიდის განცხადებით, ნიკა კვარაცხელიას არანაირი კავშირი კრიმინალურ სამყაროსთან არ ჰქონდა.

ნანი კვარაცხელია ამბობს, რომ იმედი აქვს, გაირკვევა "მტყუან-მართალი".

„ძალიან გთხოვთ, არ ისარგებლოთ ოჯახის ტრაგედიით, არ დამიმახინჯოთ ფაქტები, პატივი ეცით ნიკოს ხსოვნას. მადლიერი ვარ, ნიკოს რომ ასე მოიხსენიებთ. არ შეფუთოთ ეს კრიმინალური გარჩევით - არანაირი კავშირი ნიკოს ამ სამყაროსთან არ აქვს. ნუ აკიდებთ ცოდვებს ბავშვს, ჩემს ოჯახს. ჩემს ძმას ამხელა დანაშაულები რომ ჰქონოდა, თავის ცოლ-შვილს შუაგულ ქალაქში არ აცხოვრებდა. ჩვენ მთელი ნათესავები ამდენი წელია აქ ვცხოვრობთ, არანაირი საფრთხე არავისგან არ გვიგრძნია. არავისი არასდროს შეგვშინებია, იმიტომ, რომ ღვთისა და ქვეყნის წინაშე მართლები ვიყავით. დაწყნარდება ეს სიტუაცია, გაირკვევა მტყუან-მართალი", - ამბობს ნიკა კვარაცხელიას მამიდა.

ნიკა კვარაცხელია ანჯაფარიძის ქუჩაზე 15 სექტემბერს, დღის საათებში დაჭრეს - ის 16 სექტემბერს გარდაიცვალა.

ახალგაზრდა კაცს ჭრილობები გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობის საქმეზე ორი პირი იძებნება.


close დახურვა