logo
ENG



უკრაინაში ოლიგარქების რეესტრი იქმნება - მათ პარტიებისა და მიტინგების დაფინანსება აეკრძალებათ

23 სექ 202119:58
3 წუთის საკითხავი
clock 2367
უკრაინაში ოლიგარქების რეესტრი იქმნება - მათ პარტიებისა და მიტინგების დაფინანსება აეკრძალებათ

უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო კანონპროექტი ოლიგარქების შესახებ. მას სესიის სხდომაზე დარეგისტრირებული 379 დეპუტატიდან 279-მა დაუჭირა მხარი.

"კანონის მიზანია ინტერესთა კონფლიქტის დაძლევა, რომელიც გამოწვეულია პოლიტიკოსების, მედიისა და მსხვილი ბიზნესის შერწყმით, პოლიტიკური ძალაუფლების გამოყენებით საკუთარი კაპიტალის გასაზრდელად", - აცხადებენ რადაში.

დოკუმენტი დაჩქარებული წესით განიხილეს. კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიოდნენ ოპოზიციური პარტიების დეპუტატები, რომლებმაც ტრიბუნაც დაბლოკეს.

მიღებული კანონი ითვალისწინებს ოლიგარქების რეესტრის შექმნას. თუ ვინ მიიჩნევა ოლიგარქად, ამას უსაფრთხოების სამსახური გადაწყვეტს. რეესტრში შესაძლოა მოხვდნენ პირები, რომლებიც ოთხიდან სულ მცირე სამ კრიტერიუმს აკმაყოფილებენ: მონაწილეობენ პოლიტიკურ ცხოვრებაში, აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა მედიაზე, აკონტროლებენ ან მფლობენ მონოპოლიას, აქტივების ღირებულება ერთ მილიონ საარსებო მინიმუმს აღემატება.

კანონის თანახმად, ოლიგარქებმა შემოსავლებზე ყოველწლიური დეკლარაცია უნდა შეავსონ. მათ ეკრძალებათ პარტიების დაფინანსება და არჩევნების დროს კანდიდატების საარჩევნო ფონდში თანხის შეტანა, თუ ეს მათი საარჩევნო ფონდი არაა. ეზღუდებათ ნებისმიერი პოლიტიკური აგიტაციის თუ მიტინგის დაფინანსება, ასევე, მსხვილი ობიექტების პრივატიზების პროცესში მონაწილეობა. ამასთან, რეესტრში მყოფ პირთან კონტაქტის შემთხვევაში მაღალჩინოსნები ვალდებულნი არიან კომუნიკაციის შესახებ დეკლარაცია წარადგინონ.

კანონის მიღებას მიესალმება პრეზიდენტი ვოლოდიმი ზელენსკი, რომელიც მისი ინიციატორია. 

"უკრაინა ღიაა მსხვილი ბიზნესისთვის, მაგრამ არა ოლიგარქიული გავლენებისთვის მაღალჩინოსნებზე, პოლიტიკოსებსა და მედიაზე", - თქვა მან.

იუსტიციის მინისტრი, დენის მალიუსკა ივნისში ამბობდა, რომ ოლიგარქების რეესტრში შესაძლოა მოხვდნენ ბიზნესმენი იგორ კოლომოისკი და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო.

კანონპროექტი მისი გამოქვეყნებიდან მეორე დღეს შევა ძალაში, ხოლო ამოქმედდება ძალაში შესვლიდან 6 თვეში. კანონი ძალას 10 წლის შემდეგ დაკარგავს.


close დახურვა