logo
ENG



ყოველ წელს საშუალოდ 100 ბავშვს უდასტურდება ავთვისებიანი სიმსივნე - შაბათის ფორმულა

25 სექ 202120:57
3 წუთის საკითხავი
clock 745

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, საქართველოში ყოველ წელს საშუალოდ 100 ბავშვს უდასტურდება ავთვისებიანი სიმსივნე. ბოლო 5 წლის განმავლობაში 683 ბავშვს დაუსვეს ეს დიაგნოზი. სახელმწიფოს მხრიდან მათი საქართველოში მკურნალობის დაფინანსება მხოლოდ 23 000 ლარს შეადგენს - თითო ბავშვზე, როდესაც მძიმე ონკოლოგიური პაციენტი ბავშვების გადასარჩენად ხშირად ასი ათასობით ლარია საჭირო. სწორედ ამიტომ შეიქმნა პეტიცია - ბავშვების გადასარჩენად. 

სექტემბერი ბავშვთა სიმსივნეების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა. 8 წლის ბარბარე თავისი უფროსი ძმის - ლუკას დონორია. პატარა ბავშვებს თურქეთში ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაცია გაუკეთეს. ლუკა ლეიკემიას 2018 წლის მაისიდან ებრძვის. იმის გამო, რომ საქართველოში ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაცია არ კეთდება, ლუკას თურქეთში წასვლა ორჯერ 7-7 თვით მოუწია. მეორედ მისი დონორი მამა იყო.

თითო გამგზავრება და საზღვარგარეთ მკურნალობა დაახლოებით 100 000 დოლარი ჯდება. ჯანდაცვის სამინისტრომ პირველი ოპერაცია გადაუდებელი სტატუსის გამო სრულად დააფინანსა, თუმცა მეორე - დაგეგმილი ოპერაციისთვის სამინისტრომ 95 000 დოლარიდან მხოლოდ 5 000 ლარი გამოყო. დარჩენილი თანხა ოჯახმა ფონდების საშუალებით ააგროვა.

დრო ონკოლოგიური პაციენტებისთვის ყველაზე ძვირფასია. როდესაც, ყოველი წუთი შესაძლოა გადამწყვეტი იყოს, ამ დაავადების მქონე ბავშვებს სახელმწიფოსგან მიზერული დაფინანსების მისაღებადაც ლოდინი უწევთ.

ალექსს 1 წლის წინ განუკურნებელი დიაგნოზი დაუსვეს - ღვიძლის რაბდოიდული ავთვისებიანი  სიმსივნე. ისიც, სხვა ბავშვების მსგავსად სახელმწიფომ უმნიშვნელოდ, მხოლოდ 30 000 ლარით დააფინანსა, დარჩენილი საზღვარგარეთ გასამგზავრებელი და იქ მკურნალობისთვის საჭირო ხარჯები კი ოჯახმა ფონდებისა და სოციალურ ქსელების საშუალებით მოიძია.

ალექსმა სიცოცხლისთვის ბრძოლა თურქეთში ერთი წლის წინ დაიწო, 8 თვე უშედეგოდ იბრძოდა. ქიმიოთერაპიებმა საწყის ეტაპზე შედეგი გამოიღო, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობა უეცრად დამძიმდა და წლინახევრის ასაკში გარდაიცვალა. დასახმარებლად შექმნილი ფეისბუქ ჯგუფი დღესაც არსებობს, თუმცა განსხვავებული მიზნით - ალექსის დედა ონკოლოგიურად დაავადებულ ბავშვებსა და მათი მშობლებს ფსიქოლოგიურ დახმარებას სთავაზობს.

ბავშვების უფლებების დასაცავად და სიცოცხლის გადასარჩენად შეიქმნა პეტიცია, სადაც სახელმწიფოს მხრიდან ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების სრულ დაფინანსებას ითხოვენ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში მკურნალობა 23, ხოლო საზღვარგარეთ 30 000 ლარით ფინანსდება. 


close დახურვა