logo
ENG



ზურაბიშვილი არჩევნებზე: მრავალპარტიულობა დადგინდა, დადასტურდა

03 ოქტ 202116:47
3 წუთის საკითხავი
clock 695
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

სალომე ზურაბიშვილი თვითმმართველობის არჩევნებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ დროისათვის არსებული შედეგებით ქართველ ხალხმა აირჩია მრავალპარტიული მმართველობა.

პრეზიდენტის განცხადებით, არჩევნების შედეგები ცხადყოფს, რომ ამომრჩეველს სურს სტაბილურობა და არა პოლარიზაცია. ხოლო დეპოლარიზაციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ მრავალპარტიულობაა.

„ქართველმა ხალხმა გუშინ არჩევნებში თავისი მონაწილეობით აჩვენა, რომ მისი არჩევანი არის მშვიდობა, სტაბილურობა და არა არეულობა, არა დაპირისპირება, არა ძალადობა და პოლარიზაცია. თუ რამე ცვლილებებია საჭირო, სწორედ ამისთვის არსებობს ეს გზა - არჩევნების გზა. ამომრჩეველმა ეს ყველას ნათლად დაანახა.

ასევე, აღვნიშნე, რომ მრავალპარტიულობა დადგინდა, დადასტურდა. საკრებულოებში პატარა პარტიები იქნებიან წარმოდგენილი, მაგრამ სასურველი იქნებოდა, რომ პატარა პარტიებს მისცემოდათ მეტი შანსი, მეტი  რესურსი, მეტი საშუალება, რამეთუ დეპოლარიზაციის დამარცხება სამომავლოდ, მხოლოდ და მხოლოდ პატარა პარტიებით, მესამე ძალებითაა შესაძლებელი", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

პრეზიდენტის განცხადებაში, ასევე, საუბარია გენდერულ დისბალანსზეც - ზურაბიშვილის თქმით, ისურვებდა, რომ მეტ ქალ კანდიდატს მისცემოდა შანსი და ყოფილიყო კანდიდატი. 

„როგორც ამ ქვეყნის ქალი პრეზიდენტი ვისურვებდი, რომ ქალებსაც მისცემოდათ მეტი ადგილი ამ არჩევნებში, მითუმეტეს ადგილობრივ არჩევნებში, რამეთუ ვიცით თუ რამდენად არიან ქალები ჩართულები ადგილობრივ ეკონომიკაში და რამდენად მნიშვნელოვანია მათი ინიციატივები. სამწუხაროა, რომ არც სიებში, არც მერობის კანდიდატებში უფრო მეტად წარდგენილები არ იყვნენ ქალები და ვისურვებდი, რომ შემდეგ არჩევნებში ეს იყოს გამოსწორებული და დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენი, ყველა მოქალაქის სურვილია. მინდა, იმ ქალებს, რომლებმაც გარკვეული გამარჯვება თუ არა წარმატება მოიპოვეს, მათ ყველას მივულოცო და ვუსურვო, რომ გააგრძელონ ეს გზა", - ამბობს პრეზიდენტი.

საქართველოში გუშინ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმები სრულად დათვალა. შედეგების მიხედვით, ქართულმა ოცნებამ ხმების 46.65%, ენმ-მ 30.7%, გახარიას პარტიამ - 7.79%. ამასთან, მერის არჩევნებზე მეორე ტური იმართება 20 ქალაქში. 

 


close დახურვა