logo
ENG



შსს-ს განცხადებით, კვარაცხელიას საქმეზე შესაძლებელია, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს

08 ოქტ 202111:13
3 წუთის საკითხავი
clock 729

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე შესაძლოა, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს. უწყებაში გამართულ ბრიფინგზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა, თორნიკე მარსაგიშვილმა ბრალდებულების დაკავების გარემოებებზე ისაუბრა, თუმცა მკვლელობის მოტივზე არაფერი უთქვამს. 

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული ორი პირი - აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე 7 ოქტომბერს დააკავეს. ბრალდებულები 18 სექტემბრიდან იძებნებიან. მათ აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ 20 სექტემბერს იმსჯელა და პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

შსს-ში აცხადებენ, რომ ბრალდებულებმა კვარაცხელიას მკვლელობა დაგეგმეს, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ერთ-ერთი მოქალაქისგან იქირავეს ავტომობილი. 15 სექტემბერს კი ისინი ჩაუსაფრდნენ კვარაცხელიას, აკო ჭელიძემ მისი მიმართულებით 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან გიორგი კივილაძესთან ერთად ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა.

"ჩვენებებისა და საქმის დეტალების ანალიზის საფუძველზე, დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობისა და დანაშაულის მოტივის დასადგენად დაისახა რამდენიმე საგამოძიებო ვერსია, რომელთა გადასამოწმებლად ინტენსიურ რეჟიმში განხორციელდა ყველა საჭირო ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიება. ოპერატიულმა ჯგუფმა უმოკლეს დროში მიაკვლია იმ ავტომანქანას, რომლითაც ბრალდებულები დანაშაულის ჩადენის დროს გადაადგილდებოდნენ. აღნიშნული ავტომობილი დათვალიერდა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ და ამოღებულ იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე კვლები. დადგინდა ავტომანქანის მფლობელიც და მისი ჩვენების საფუძველზე, დანაშაულის ერთ-ერთი მონაწილის - გ.კ.-ის ვინაობა. ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფის მიერ ინტენსიურ რეჟიმში განხორციელებული თანმიმდევრული და კვალიფიციური მუშაობის შედეგად დადგენილ იქნა დანაშაულის ჩამდენი - უშუალოდ მსროლელი პირის - ა.ჭ.-ის ვინაობაც.

გაიჩხრიკა ათამდე საცხოვრებელი ბინა და სხვადასხვა ობიექტი, მათ შორის გ.კ.-ის მაღაზია, სადაც ბრალდებულებმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოიცვალეს სისხლიანი ტანსაცმელი, რაც ნივთმტკიცების სახით იქნა ამოღებული. საქმეზე ამოღებულ ნივთმტკიცებებზე ჩატარდა დაქტილოსკოპიური, ოდოროლოგიური, ბალისტიკური, ქიმიური, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზები, რომელთა დასკვნების შედეგად დადგინდა, რომ გ.კ.-ის მაღაზიიდან ამოღებულ ა.ჭ.-ის ტანსაცმელზე აღმოჩნდა დენთის კვალი, ხოლო მასზე არსებული სისხლის ლაქები ეკუთვნის გარდაცვლილ ნ.კ.-ს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

როგორც უწყებაში ამბობენ, დაკავებისას ორივე ბრალდებულმა მიმალვა სცადა, ჩხრეკისას კი ამოღებულ იქნა დანები, ხოლო მათ ხელბარგში ნანახი იქნა მათი კუთვნილი საქართველოს მოქალაქის პასპორტები, ტანსაცმელი და სხვა პირადი ნივთები.

ორივე პირს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით, რაც დამამძიმელებ გარემოებებში განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენას გულისხმობს. 


close დახურვა