logo
ENG



გომელაური: ნგრევის საფრთხე კიდევ არსებობს, ე.წ სინკარებია გადმოწეული

09 ოქტ 202117:32
3 წუთის საკითხავი
clock 1112

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ბათუმში, ნანგრევებში ნაპოვნია მე-9 ადამიანის ცხედარიც. შესაბამისად, სამძებრო სამუშაოები შეჩერდება, ვინაიდან, მისი ვარაუდით, დაკარგული აღარავინაა. 

მისივე თქმით, ნგრევის საფრთხე კიდევ არსებობს. 

"მშენებლები ვარაუდობენ, რომ შეიძლება კიდევ მოხდეს კორპუსის რაღაც ნაწილების ჩამოშლა... - იცით, რომ ე.წ სინკარები, ბეტონები არის გადმოწეული და სანამ არ შეიკრიბებიან მშენებლები, როგორ უნდა მოხდეს სინკარების ჩამოხსნა ან არჩამოხსნა, დაექვემდებარება დემონტაჟს თუ არა, ამას ისინი გადაწყვეტენ. მშენებლები შეიკრიბებიან მერიაში და იმსჯელებენ, მოხდება მთელი ფლიგელის დემონტაჟი თუ მხოლოდ იმ ბეტონის".- თქვა შს მინისტრმა. 

კორპუსში მცხოვრებლებს დროებით საცხოვრებელს შესთავაზებენ. 

ადგილიდან გაიყვანეს ჟურნალისტები და მაშველებიც. 

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბრის დილით ჩამოინგრა. 

9 ოქტომბრის 17:10 საათისთვის შენობის ნანგრევებიდან ამოყვანილია 10 ადამიანი - 2 მათგანი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, 8 - გარდაცვლილი. 

ნანგრევებიდან ამოყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა 36 წლის ქალი. შესაბამისად, გარდაიცვალა 9 ადამიანი. მათგან 3 - ბავშვია. 

ერთი გადარჩენილი კაცი საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

შსს-მ ნგრევის საქმეზე I სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა.

შსს-ის განცხადებით, ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით, საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, რამაც 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.

ბათუმელების ცნობით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე სარდაფისა და ბინის გაერთიანების რეგისტრაციის მოთხოვნით საჯარო რეესტრს მოქალაქე ზაურ ბუდატოვმა 2021 წლის 4 ოქტომბერს მიმართა. 

რეესტრმა 8 ოქტომბერს ხარვეზი დააფიქსირა და წარმოება შეაჩერა, მიზეზად საკმარისი დოკუმენტების არარსებობა, მთავარ მიზეზად კი სარდაფის და სართულის გაერთიანების ნახაზის უქონლობა დაასახელა. 


close დახურვა