logo
ENG



ცესკომ მირანდა მესხის საწინააღმდეგო კამპანიის მიზეზით ომბუდსმენსა და ქალთა NGO-ებს მიმართა

12 ოქტ 202116:15
3 წუთის საკითხავი
clock 2084
ცესკომ მირანდა მესხის საწინააღმდეგო კამპანიის მიზეზით ომბუდსმენსა და ქალთა NGO-ებს მიმართა

ცესკომ ზუგდიდის საოლქოს თავმჯდომარის, მირანდა მესხის საწინააღმდეგო კამპანიის მიზეზით სახალხო დამცველს, ადგილობრივ და საერთაშორისო ქალთა უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს მიმართა. 

წერილში ცესკო აღნიშნავს, რომ აშკარაა სიძულვილის ენის აქტიური გამოყენება, როგორც ზოგიერთი კანდიდატისა და ჩართული მხარის მიერ, ასევე - მუქარის შემცველი განცხადებები.

მათივე მტკიცებით, იკვეთება მირანდა მესხის, გენდერული ნიშნის საფუძველზე დისკრიმინაციის ფაქტები.

ცესკოში აცხადებენ, რომ ორგანიზაციებს ვიზუალური მასალაც მიაწოდეს.

"ეს კამპანია კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის მხრიდან არჩევნების ღამეს დაიწყო, როდესაც მან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობაში ჩარევა დააბრალა. ზეწოლა ხორციელდებოდა როგორც საოლქო საარჩევნო კომისიაში მყოფი პირების მხრიდან, ასევე სოციალურ ქსელში აგორებული კამპანიის სახითაც", - თქვა ცესკოს პრესსპიკერმა ბრიფინგზე. 

მირანდა მესხი წლებია ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მას არაერთხელ დასდეს ბრალი ზუგდიდის ოლქში არჩევნების გაყალბებაში.

ბოლო თვითმმართველობის არჩევნებზეც ნაციონალურმა მოძრაობამ საოლქო კომისია და მისი თავმჯდომარე გაყალბებაში დაადანაშაულა.

რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა, ანა წითლიძემ განაცხადა, რომ კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა დალუქული კონვერტები გახსნა და მონაცემები მმართველი პარტიის სასარგებლოდ გადაასწორა. მანამდე, არჩევნების ღამეს იგი აცხადებდა, რომ რამდენიმე უბნის ოქმს კომისიის წევრები ხელს არ აწერდნენ. 

 


close დახურვა