logo
ENG

თავისუფლების ინსტიტუტი 3+3 პლატფორმის კონსტიტუციით აკრძალვას მოითხოვს

13 ოქტ 202117:35
3 წუთის საკითხავი
clock 129
თავისუფლების ინსტიტუტი 3+3 პლატფორმის კონსტიტუციით აკრძალვას მოითხოვს

თავისუფლების ინსტიტუტი 3+3 პლატფორმის კონსტიტუციით აკრძალვას მოითხოვს.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ რუსეთის მზარდი რევიზიონიზმის პირობებში, კავკასიაში აშშ-სა და ევროპის ჩართულობის გარეშე შეუძლებელია არათუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, არამედ ეროვნული დამოუკიდებლობის შენარჩუნებაც კი.

"3+3 გაერთიანებაში შესვლა იქნება დსთ-ში გაწევრიანების შემდეგ ჩვენს ეროვნულ სუვერენიტეტსა და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე ჩვენივე ხელით განხორციელებული ყველაზე დიდი დარტყმა.

ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია კონსტიტუციით აიკრძალოს ოკუპანტთან ერთად საერთაშორისო გაერთიანებებში მონაწილეობა ან მასთან სეპარატული მოლაპარაკებები ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების პირდაპირი ჩართულობის გარეშე.

ქართველმა ხალხმა მრავალგზის და მკაფიოდ გამოხატა ევროატალნტიკური ინტეგრაციის ურყევი ნება. 2017 წლის ცვლილებებით ეს ნება კონსტიტუციაშიც აისახა.

ჩვენი ინიციატივა სწორედ ამ კონსტიტუციური ნორმის შემდგომი განმტკიცებისა და ისტორიული არჩევანის დაცვისათვის არის საჭირო. დამატებითი კონსტიტუციურ გარანტია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მაშინ, როცა სულ უფრო იზრდება დამღუპველ გეოპოლიტიკურ სივრცეში ჩათრევისა და დასავლეთის მხარდაჭერის დაკარგვის რისკები.

3+3-ის მსგავსი იდეა ჯერ კიდევ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ განიხილებოდა, კავკასიის უსაფრთხოების პლატფორმის სახელწოდებით. მაშინ დასავლეთის დახმარებით ამ ხაფანგს თავი ავარიდეთ, თუმცა ახლა იგივე გამოწვევის წინაშე ვდგავართ.

თითოეული ჩვენგანის ეროვნული ვალია წინ აღვუდგეთ ქვეყნის უსაფრთხოების ეგზისტენციურ საფრთხეს. მოვუწოდებთ ყველა თავისუფლებისმოყვარე მოქალაქესა და პროდასავლურ ძალას, გამოვიყენოთ ჩვენ ხელთ არსებული ყველა რესურსი საქართველოს მომავლის გადასარჩენად. უმოქმედობას ისტორია არ გვაპატიებს". - აცხადებს თავისუფლების ინსტიტუტი. 

3+3 ფორმატის იდეა 2020 წლის ყარაბახის ომის შემდეგ, 10 დეკემბერს, ბაქოში აზერბაიჯანის და თურქეთის პრეზიდენტებმა, ილჰამა ალიევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წამოაყენეს. 

ის გულისხმობს კავკასიის სამი ქვეყნის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის, და რეგიონის სამი დიდი სახელმწიფოს: ირანის, რუსეთისა და თურქეთის თანამშრომლობას. ფორმატმა უნდა მოიცვას უსაფრთხოების, ეკონომიკის და სატრანსპორტო საკითხები. 

2021 წლის 6 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ირანელ კოლეგასთან, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანთან ერთად განიხილა ე.წ. 3+3 ფორმატის შექმნა. როგორც ლავროვმა თქვა, ირანულმა მხარემ ინიციატივა პოზიტიურად შეაფასა და რომ მსგავსი დამოკიდებულება აქვთ აზერბაიჯანს და თურქეთს.

ფორმატში მონაწილეობის შესაძლებლობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა 8 ოქტომბერს ილაპარაკა. მან თქვა, რომ "ჩვენ რაღაც ფორმით ამ დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებსა და ურთიერთობებში მაინც უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, არა სახელმწიფო ინტერესების და ოკუპანტთან რაღაც დათმობის ხარჯზე". 

კრიტიკის შემდეგ საგარეო უწყების პრესსამსახურმა დააზუსტა, რომ ზალკალიანის განცხადება არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა და რომ საქართველო რუსეთთან ერთად 3+3 ფორმატში მონაწილეობას არ განიხილავს. 

close დახურვა