logo
ENG



ბათუმში დაანგრევენ იმ კორპუსს, სადაც სადარბაზო ჩამოიშალა

14 ოქტ 202111:58
3 წუთის საკითხავი
clock 1236
ბათუმში დაანგრევენ იმ კორპუსს, სადაც სადარბაზო ჩამოიშალა

ბათუმში დემონტაჟი ჩაუტარდება იმ კორპუსს, სადაც დაახლოებით ერთი კვირის წინ სადარბაზო ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი პირი მძიმედ დაშავდა.

ბათუმის მერის მოადგილე, ლელა სურმანიძე ფორმულასთან ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნით, შენობა აღდგენას არ ექვემდებარება და დემონტაჟს საჭიროებს. მისივე თქმით, საკრებულოში უკვე დადგა საკითხი დემონტაჟის სამუშაოებისთვის თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით.

"ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალა, რომ კომისიის მიერ შეისყიდოს სასწრაფო წესით შეისყიდოს დემონტაჟის პროექტი, რადგან იქ მითითებული ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ დემონტაჟი უნდა განხორციელდეს წინასწარ მომზადებული პროექტის მიხედვით. შესყიდული იქნება პროექტი და როგორც კი პროცედურები დასრულდება, დაიწყება უახლოეს პერიოდში [დემონტაჟი]. მე ზუსტად ვერ გეტყვით, რა დრო დასჭირდება შესყიდვას", - აღნიშნა მან.

რაც შეეხება კორპუსის მცხოვრებლებს, მერის მოადგილე ამბობს, რომ ისინი ამ დრომდე კორპუსიდან გაყვანილები არიან, მომავალში კი მათი ბინებით უზრუნველყოფა იქნება საჭირო. მისივე თქმით, ოჯახების ნაწილი სასტუმროშია, ზოგი კი ახლობლებთან ცხოვრობს.

"ყველასთან არის შეთავაზება მოძებნონ და დაიქირაონ მათთვის სასურველი ბინები და მერია უზრუნველყოფს ბინის ქირით, სანამ არ დასრულდება ეს პროცესი", - განმარტა სურმანიძემ.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბრის დილით ჩამოინგრა. გარდაიცვალა 9 ადამიანი, მათგან 3 - ბავშვი. 

გადარჩა ერთი კაცი, რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

შსს-მ ნგრევის საქმეზე პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. აღკვეთის ღონისძიების სახით მათ პატიმრობა შეუფარდეს. 

გამოძიების ვერსიით, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა.

შსს-ის განცხადებით, ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით, საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, რამაც 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია. 

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.


close დახურვა