logo
ENG



ექიმი სააკაშვილზე: ეტყობა ძალიან მაგარი ორგანიზმი აქვს, მოლოდინს გადააჭარბა

15 ოქტ 202122:28
3 წუთის საკითხავი
clock 1935

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე, მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმაზე უკეთესია, ვიდრე ის მოელოდა.

"პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ, რომ ძალიან მოხარული ვარ, 4-5 დღე ველოდებოდი ამ დღეს და როგორც იქნა შევედი და ვნახე. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, რომ ბოლოჯერ რომ ვნახე, ახლა იმაზე უფრო უარესს მოველოდი, მაგრამ მინდა გითხრათ რომ ეტყობა ძალიან მაგარი ორგანიზმი აქვს, ასე რომ გადაააჭარბა მოლოდინს.

მე ველაპარაკე პრეზიდენტს, პრეზიდენტი თანახმაა კონსილიუმზე, თანახმაა ტესტებზე, თანახმაა წამლებზე" - ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.

ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით მიხეილ სააკაშვილი მხნედაა და გუშინდელი აქციით მოხარულია.

"განწყობა ძალიან მხნე აქვს, ძალიან გაუხარდა გუშინდელი აქცია, ამაზე მელაპარაკებოდა კარგი ხანი" - ამბობს მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი

ნიკოლოზ ყიფშიძის თქმითვე, სააკაშვილი შიმშილობას არ წყვეტს და ის მხოლოდ წყალსა და ჩაის ღებულობს.

როგორც ექიმი აცხადებს, ინდივიდიუალურია რამდენ ხანს გაუძლებს მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას. მისივე თქმით, საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება ჯერ არ არსებობს, თუმცა შეიძლება დადგეს.

ნიკოლოზ ყიფშიძეს მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება დღეს ჯანდაცვის სამინისტროში გამართული ექიმების კონსილიუმის გადაწყვეტილებით მისცეს.

ჯანდაცვის სამინისტროში გამართული კონსილიუმის გადაწყვეტილებითვე, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის სამშაბათს მესამე პრეზიდენტთან ექიმების ჯგუფი შევა.

ნიკოლოზ ყიფშიძე მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შესვლის ნებართვის მიღებას რამდენიმე დღე ელოდა.

დღეს პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, ეპისკოპოსმა მელქისედეკ ხაჩიძემ განაცხადა, რომ მკურნალი ექიმი უნდა შევიდეს მოშიმშილესთან.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს, ის მე-15 დღეა ციხეში შიმშილობს.

როგორც ცნობილია, სააკაშვილი საქართველოში დაკავებამდე ოთხი დღით ადრე ჩამოვიდა და რამდენიმე ქალაქში იმყოფებოდა. 


close დახურვა