logo
ENG



ჰოჯესი 3+3-ზე: არ არის სწორი, საქართველო იყოს ამ ყველაფრის ნაწილი, არ ვარ ამის მომხრე

18 ოქტ 202122:19
3 წუთის საკითხავი
clock 1724
2021/10/18/g5eq98vxzoreep5.jpg

ამერიკელი გენერალი, აშშ-ის ევროპული ჯარების ყოფილი მეთაური ბენ ჰოჯესი 3+3 პლატფორმას ეხმაურება და ამბობს, რომ არ იქნება სწორი, თუ საქართველო ამ ყველაფრის ნაწილი იქნება. ამაზე მან სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის საქართველოს ამ ფორმატში მონაწილეობის მომხრე არაა.

"მე არ ვიცი, როგორ შეიძლება, რომ ადამიანს კრემლის სჯეროდეს და რაიმე შეთანხმების მათთან, როცა საქართველოს 20% ოკუპირებულია და მავთულხლართები გავლებულია. არ მგონია ადამიანი არსებობდეს, ვისაც სჯერა კრემლთან შეთანხმების. ჩემი აზრით, არ არის სწორი, საქართველო იყოს ამ ყველაფრის ნაწილი და არ ვარ ამის მომხრე", - თქვა მან. [სინქრონული თარგმანი]

წამყვანის შეკითხვაზე, ტოვებს თუ არა საქართველოს ხელისუფლების განცხადებები ორაზროვან განცდებს ამ ფორმატთან დაკავშირებით, ჰოჯესმა ასე უპასუხა: 

"მე შემიძლია მოსაზრება გამოვხატო. ისინი მზად არიან, რომ მიიღონ ეს სიტუაცია და დანებდნენ და თქვან, რომ 20% მიტაცებული აქვს რუსეთს. შესაბამისად, ძალიან რთული გახდება საქართველოსთვის, რომ ტრანზიტული დერეფნის პოზიცია დაიჭიროს. ეს არ არის სწორი. ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ადამიანები, რომლებიც დაახლოებული არიან კრემლთან, მხოლოდ ისინი ემხრობიან ამ ყველაფერს", - თქვა ჰოჯესმა. [სინქრონული თარგმანი]

3+3 ფორმატის იდეა 2020 წლის ყარაბახის ომის შემდეგ, 10 დეკემბერს, ბაქოში აზერბაიჯანის და თურქეთის პრეზიდენტებმა, ილჰამა ალიევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წამოაყენეს. 

ის გულისხმობს კავკასიის სამი ქვეყნის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის, და რეგიონის სამი დიდი სახელმწიფოს: ირანის, რუსეთისა და თურქეთის თანამშრომლობას. ფორმატმა უნდა მოიცვას უსაფრთხოების, ეკონომიკის და სატრანსპორტო საკითხები. 

2021 წლის 6 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ირანელ კოლეგასთან, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანთან ერთად განიხილა ე.წ. 3+3 ფორმატის შექმნა. როგორც ლავროვმა თქვა, ირანულმა მხარემ ინიციატივა პოზიტიურად შეაფასა და რომ მსგავსი დამოკიდებულება აქვთ აზერბაიჯანს და თურქეთს.

ფორმატში მონაწილეობის შესაძლებლობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა 8 ოქტომბერს ილაპარაკა. მან თქვა, რომ "ჩვენ რაღაც ფორმით ამ დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებსა და ურთიერთობებში მაინც უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, არა სახელმწიფო ინტერესების და ოკუპანტთან რაღაც დათმობის ხარჯზე". 

კრიტიკის შემდეგ საგარეო უწყების პრესსამსახურმა დააზუსტა, რომ ზალკალიანის განცხადება არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა და რომ საქართველო რუსეთთან ერთად 3+3 ფორმატში მონაწილეობას არ განიხილავს. 


close დახურვა