logo
ENG



ოცნების ქუთაისის მერობის კანდიდატი მთავარ არხს უჩივის და კომპენსაციად 55 555 ლარს ითხოვს

20 ოქტ 202112:35
3 წუთის საკითხავი
clock 1738
ოცნების ქუთაისის მერობის კანდიდატი მთავარ არხს უჩივის და კომპენსაციად 55 555 ლარს ითხოვს

ქართული ოცნების ქუთაისის მერობის კანდიდატი, იოსებ ხახალეიშვილი მთავარ არხს პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის. კომპენსაციის სახით ის 55 555 ლარის ითხოვს.

ხახალეიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს მთავარი არხის, მისი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და ჟურნალისტ ეკა გაგუას წინააღმდეგ.

"ჩემი მოთხოვნაა, იგივე ტელევიზიის მიერ საჯაროდ უარყოფილ იქნას ცილისმწამებლური ინფორმაცია და იმავე მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მორალური ზიანის ანაზღაურება 55 555 ლარის ოდენობით. საქმის მოგების შემთხვევაში, თანხა გადაირიცხება (ააიპ) საქველმოქმედო ფონდში "ქუთაისი", რომლის ძირითადი საქმიანობა მძიმე კატეგორიის დაავადებულების დახმარებაა", - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

როგორც ხახალეიშვილი ამბობს, მსგავს სამართლებრივ ბრძოლას ქართული ოცნების სხვა წევრებიც აპირებენ.

მთავარმა არხმა 8 ოქტომბერს იოსებ ხახალეიშვილზე სიუჟეტი მოამზადა. არხის ინფორმაციით, პირველი ტურის შემდეგ ხახალეიშვილმა, რომელიც ქუთაისის მოქმედი მერია, საკრებულოსა და მერიის თანამშრომლები შეკრიბა და უსაყვედურა, ხმა მას რატომ არ მისცეს. გარდა ამისა, არხი ირწმუნება, რომ მერობის კანდიდატი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აგენტების სიაშია და მეტსახელად "ბოცას" ეძახიან. 


close დახურვა