logo
ENG



სახელმწიფო ინსპექტორმა სააკაშვილზე გავრცელებული ვიდეოს წვდომა/გასაჯაროების შესწავლა დაიწყო

22 ოქტ 202120:50
3 წუთის საკითხავი
clock 1128
სახელმწიფო ინსპექტორმა სააკაშვილზე გავრცელებული ვიდეოს წვდომა/გასაჯაროების შესწავლა დაიწყო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩანაწერზე წვდომისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაიწყო.

როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, სისხლის სამართლის საქმის მასალების მედიასა და ინტერნეტსივრცეში გავრცელების მავნე პრაქტიკა, პარლამენტისთვის წარდგენილ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშშიც არის განხილული.

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შესწავლილი აქვს არაერთი შემთხვევა, როცა სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული საქმეების მასალები (მოწმეთა გამოკითხვები, ექსპერტიზის დასკვნები, სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილებები, სამედიცინო დოკუმენტაცია, ვიდეოჩანაწერები და ა.შ.) პროცესის მონაწილეთა პერსონალური მონაცემების იდენტიფიცირებით, გავრცელდა საჯაროდ. სამსახურის მიერ შესწავლილ ფაქტებს შორის, არის ისეთი შემთხვევები, როცა გასაჯაროებულ მასალაზე ხელი მიუწვდებოდა მხოლოდ სახელმწიფო ორგანოებს და ისეთი შემთხვევებიც, როცა სისხლის სამართლის მასალა ბრალდების მხარეს გადაცემული ჰქონდა დაცვის მხარისათვის.

ზოგადად, სისხლის სამართლის საქმის მასალებზე ხელი მიუწვდება პირთა ფართო წრეს - საგამოძიებო უწყებას, პროკურატურას, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდგომ - ბრალდებულ(ებ)ს, ადვოკატ(ებ)ს. ხაზგასასმელია ისიც, რომ ერთი სისხლის სამართლის საქმეში რამდენიმე ბრალდებულის არსებობისას, ხშირად ყველა ბრალდებულისთვის ხდება სისხლის სამართლის მასალის სრულად გადაცემა, მათ შორის ისეთი დოკუმენტების გაცვლა, რომლებიც არ წარმოადგენს იმ კონკრეტული ბრალდებულის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებას. ცხადია, სისხლის სამართლის საქმის მასალის პირთა ფართო წრისთვის ხელმისაწვდომობა ზრდის არაუფლებამოსილ პირთა მხრიდან სხვისი პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის არაკანონიერი გამოყენების რისკებს და ზიანს აყენებს მონაცემთა სუბიექტის უფლებებს", - წერია განცხადებაში. 

ტელეკომპანია იმედმა ექს-პრეზიდენტის კადრები 21 ოქტომბერს გაავრცელა. არხის მტკიცებით, ვიდეო მაშინაა გადაღებული, როცა სააკაშვილი სატვირთოთი ქვეყანაში შემოსვლას ცდილობდა. იმედისვე ნარატივით, მოვლენების განვითარების შესაბამისად სააკაშვილი სხვადასხვა სცენარისთვის ვიდეოებს იწერდა, მათ შორის განიხილავდა გატაცებას.


close დახურვა