logo
ENG



თეა გოდოლაძე: ლისის ფერდი კვლავ დაიძრა

23 ოქტ 202116:18
3 წუთის საკითხავი
clock 1421
Forum.ge

სეისმოლოგი თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ ლისის ფერდი კვლავ დაიძრა. ამის მიზეზად ის მშენებლობებს ასახელებს.

"მიწა დაიძრა მშენებლობის გამო! ისევ ლისის ფერდი! მეტი რაღა ვთქვათ. ვინ ხართ ხალხო! რას ერჩით ამ ქვეყანას!!! ტოგო ვუდავას ქუჩა 15. სად არიან მერობის კანდიდატები, გასცენ ამ ხალხს პასუხი! 112-თან არის! არ იყიდოთ აქ სახლი, საშიშია!!" - წერს თეა გოდოლაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე და ადგილზე გადაღებულ ვიდეოსაც ავრცელებს. 

ამ ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა თბილისის მოქმედ მერს, კახა კალაძეს ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა მას ინფორმაცია და თავად თუ აპირებდა ადგილზე მისვლას, რაზეც კალაძემ უპასუხა, რომ "პროფესიონალები ყველაფერს მიხედავენ".

შეგახსენებთ, რომ ახალ ბზარებს მაჭავარიანის ფერდობზე სექტემბრის დასაწყისში შაბათის ფორმულამაც მიაკვლია

ცნობისთვის, თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზასთან მეწყრული პროცესების დაწყებაზე ცნობილი 18 მარტს გახდა. თუმცა, ფორმულას ინფორმაციით, თბილისის მერია მეწყრული პროცესების შესახებ სექტემბერშივე იყო ინფორმირებული. ხოლო ნაპრალების გაჩენის შესახებ თბილისის მერს 1 მარტს ჰქონდა ინფორმაცია. 

სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 17 მარტის დასკვნით, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ფერდობზე, კლდოვან ქანებში განვითარებულია მძლავრი კლდე-ზვავური ტიპის მეწყრული პროცესი. მათივე დასკვნით, "დიდი ალბათობით" მეწყრული სხეულის გზის მიმართულებით გადაადგილება, ფერდობის სხვადასხვა ნაწილში წარმოქმნის ახალ მეწყრულ ნაპრალებსა და საფეხურებს. ისინი მიიჩნევენ, რომ უნდა შეწყდეს ყველა ტიპის საავტომობილო მოძრაობაც. 

მაშინდელი პირველადი შეფასებით, მთის ფერდზე გაჩენილი ნაპრალის სიღრმე, 19 მეტრი იყო, ამასთან, შესაძლოა დაძრულიყო 500 ათასი კუბური მეტრი მიწა. 

მოგვიანებით, მეწყრის ნაწილი მოჭრეს, ზოგ ადგილას კი ნაპრალი მიწით ამოავსეს. 

26 აგვისტოს ​ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის გზაზე მოძრაობა აღდგა. დედაქალაქის მერიის მტკიცებით, ტერიტორია მეწყერსაშიში აღარ არის და გადაადგილება უსაფრთხოა.


close დახურვა