logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: სად არის მართვის პულტი?!

14 ნოე 202120:08
3 წუთის საკითხავი
clock 5955

ბევრს დღემდე ჰგონია რომ საქართველო დედამიწის ჭიპია და მსოფლიო პოლიტიკა ჩვენს გარშემო ტრიალებს. სინამდვილეში დასავლეთში არიან პოლიტიკოსები, ინსტიტუტები და ევროპაში კი ქვეყნები, რომლებისთვისაც საქართველოს არსებობას და მის მომავალს მნიშვნელობა აქვს, გვაკვირდებიან, გვსწავლობენ, გვეხმარებიან ცივილიზებულ, რუსული ჭაობისგან განსხვავებულ ქვეყნად ჩამოყალიბებაში ხელს გვიწყობენ. მაგალითად ფოტიგა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო იმ პრეზიდენტის მთავრობაში, რომლის თვითმფრინავიც რუსეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ახლაც აქტიურ და გავლენიან პოლიტიკოსს და ევროპარლამენტარს და მის გუნდს დღემდე სწამს, რომ ეს პუტინის შურისძიება იყო კაჩინსკიზე, მათ შორის იმის გამო, რომ აგვისტოს დღეებში რუსთაველზე იდგა. მოკლედ, ყველამ, ვისაც დასავლეთში ვახსოვართ, გვაფასებს, გვიცნობს, გვგულშემატკივრობს და კოლეგები საქართველოზე აზრს და ჭკუას ეკითხებიან, ამ დღეებში გვითხრა ის, რაც მოვისმინეთ, მაგრამ როგორც ჩანს ბევრმა კარგად ვერ გავაცნობიერეთ: "ქართველებს შესაძლოა ევროკავშირსა და ქართულ ოცნებას შორის არჩევნების გაკეთება მოგიწიოთო..." ანუ ან ოცნება, ან დასავლეთიო.

ბიძინამ იცის, რომ წაკითხულის ან მოსმენილის გააზრებაში მსოფლიოში ბოლოდან მეექვსე ადგილზე ვართ, ამიტომ კობახიძეს დაავალა, რომ ჩვენთვის ამოცანის ამოხსნა გაეადვილებინა. მანაც ეს მისია წარმატებით შეასრულა. თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით. მანამდე ყოველგვარი ემოციის მიღმა მოვლენაზე, რომელმაც მსოფლიოს ტელეეკრანები მოიარა. პრეზიდენტ სააკაშვილისადმი ღირსების შემლახავი მოპყრობის კადრებმა ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია. ხელისუფლების ამ ნაბიჯით პოლიტიკური აქტორებიდან თუ ვინმე დაზარალდა ეს თავად ქართული ოცნებაა. ამიტომ, ძალიან ძნელია არგუმენტირებული ახსნა მოუძებნო იმას, თუ რატომ იქცევა დღეს ასე მმართველი პარტია და რატომ იზიანებს თავს ყოველ ნაბიჯზე. შესაძლოა ქართული ოცნების ორთოდოქსს მხარდამჭერებს ძალიანაც მოსწონდეთ მათთვის უკიდურესად საძულველი სააკაშვილის დამცირება, თუმცა ამომრჩევლის მცირე სეგმენტის სიამოვნებისთვის ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც არც ქართული, არც კაცური, ან ქალური, მარტივად რომ ვთქვათ ადამიანური, არც კანონიერი და არც ცივილიზებულია, უბრალოდ ლოგიკაში არ ჯდება. ეს კი სერიოზულად გვაფიქრებინებს, რომ პროცესების მართვის პულტი ოცნების და ივანიშვილის ხელში აღარ არის, და თუ ვინმე ხეირობს იმით, რაც დღეს საქართველოში ხდება - ეს რუსეთია. მესმის, რომ ეს ძალიან ბანალურად ჟღერს, მაგრამ სხვა რაციონალური საფუძველი აღარ გვრჩება, გარდა იმისა რომ დავასკვნათ: საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის დავალებას ასრულებს.

აღიარებული ფაქტია, რომ პუტინის ბრძანებით, დედამიწის სხვადასხვა წერტილში სხვადასხვა ფორმითა და საშუალებით კლავენ მისთვის არასასურველ პირებს, რაც რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან შურისძიების უკვე დამკვიდრებულ ფორმად იქცა. და რა გასაკვირია რომ იგი კონკრეტულ ნაბიჯებს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ დგამდეს? საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ხომ ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც პუტინის წინააღმდეგ ომს არ შეუშინდა და ჯერ კიდევ ცოცხალია? მეტიც სააკაშვილი ვლადიმირ პუტინის და ზოგადად რუსული იმპერიალიზმის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგიური მოწინააღმდეგე და ფერადი რევოლუციების ფლაგმანია რეგიონში, და რა იქნება იმაზე უკეთესი და მომგებიანი რუსეთის პრეზიდენტისთვის თუ მისთვის საძულველ სააკაშვილს, ქართველების ხელით სამაგალითოდ დასჯის და ბოლოს მოუღებს? ამ ვერსიას კიდევ უფრო სარწმუნოს ხდის კობახიძის გუშინდელი განცხადება, რომელმაც ქვეყნის ხელისუფლების სახელით, საქართველოს გამორჩეული დასავლელი მეგობრები კრიმინალების მფარველებად და ქვეყნის მტრებად გამოაცხადა და დაიქადნა, რომ მათ საკადრის ადგილს მიუჩენს. იგივე პათოსი იგრძნობოდა მოსამართლეების პასუხშიც ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებისადმი, სადაც მხოლოდ შინაარსი კი არა სინტაქსიც აშკარად კობახიძისეული იყო.

მგონი ყველასთვის ნათელია თუ რას ემსახურება ეს განცხადებები და ყველაზე მეტად ვის ინტერესებში შედის საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია და რუსული სუვერენული დემოკრატიის გაგრძელებად გადაქცევა. და თუ ეს ყველაფერი მართლაც პუტინის დაკვეთაა, მაშინ ოცნებას აღარც არაფრის შეცვლა შეუძლია და ქვეყანასთან ერთად თავადაც დასაცავი და გადასარჩენია. აქ ერთადერთი გამოსავალი გრანდიოზულ ეროვნულ ერთობაშია. როდესაც ყველა, ნაციც, ერთ დროს ქოციც, შუაშისტიც და პაციფისტიც რუსულ დათვთან მებრძოლი პრეზიდენტის სიცოცხლის და ქვეყნის დასავლური მომავალის გადასარჩენად ერთად დგება. ხოლო თუ მოვლენების მართვის პულტი ჯერ კიდევ საქართველოშია, ოცნების ლიდერები თავს საკუთარი სისულელით იზიანებენ, მათი მხრიდან ევროკავშირისა და ამერიკისთვის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საფუძვლების სწავლება მხოლოდ მათსავე მეგალომანიას უკავშირდება, მაშინ გამოდის, რომ მმართველი ძალა დიდი ხნის წინ არჩეული რადიკალური პოლიტიკური ხაზის მძევალია: ვერც განსხვავებულ გადაწვეტილებას იღებს და ვერც თვითგანადგურებისკენ დიდი სისწრაფით მიმავალი ხომალდის საჭის შემობრუნებას ახერხებს.

ასეთ შემთხვევაში ორი შესაძლო გამოსავალი არსებობს: უკეთესი და უარესი. უკეთესი ის იქნება თუ ივანიშვილს ეყოფა გამბედაობა, მიიღებს მტკივნეულ გადაწყვეტილებას და დაუყოვნებლივ შეწყვეტს სააკაშვილის მიმართ შურისძიებას. შემდეგ, ეროვნული მასშტაბის შერიგებას და საყოველთაო ამნისტიას გამოაცხადებს და ახალი არჩევნებით კვლავ გახსნის პოლიტიკურ სივრცეს, რომელშიც ყველას, მათ შორის მიშასაც მიეცემა მონაწილეობის საშუალება. ეს მმართველი ძალისთვის ბევრი რამის დათმობას და შესაძლოა ძალაუფლების დაკარგვასაც ნიშნავდეს, თუმცა სამართლიანი არჩევნებით პროცესის გაგრძელებით და საერთაშორისო აქტორების აქტიური ჩართულობით ივანიშვილი და ოცნება პოლიტიკაში დარჩენისა და პიროვნული უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებენ. უარესი სცენარით კი, თუ ხელისუფლება არ გაჩერდება და უფრო ღრმად შევა დანაშაულისა და საერთაშორისო კონვენციების დარღვევის სპირალში, რის შედეგადაც მეტ ადამიანს აიმხედრებს ქვეყნის შიგნით, ბოლომდე გაანაწყენებს საერთაშორისო პარტნიორებს და ყოველდღიურად გააგრძელებს სახის დამკარგავი და ქვეყნის გამანადგურებელი გადაწყვეტილებების მიღებას, მანამ, სანამ რომელიმე მათგანი საზოგადოებაში სერიოზულ აფეთქებას არ გამოიწვევს. მასობრივი მღელვარებისა და შესაძლო სამოქალაქო დაპირისპირების ფონზე ივანიშვილი და ოცნება ძალაუფლებასაც დაკარგავს და უსაფრთხოების გარანტიებსაც. მათი გადარჩენა კი ისევ სააკაშვილისა და მის გარშემო შემქნილი პოლიტიკური კოალიციის კეთილგონიერებაზე, პრინციპულობასა თუ შორსმჭვრეტელობაზე იქნება დამოკიდებული.


close დახურვა