logo
ENG



თბილისში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს, ის კლინიკაში გარდაიცვალა

24 ნოე 202110:03
3 წუთის საკითხავი
clock 7513

თბილისში ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან კაცი დაჭრეს. ის ინგოროყვას კლინიკაში გუშინ ღამით შეიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. კაცს ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული საგარეჯოში დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს - სისხლის სამართლის კოდექსის-ის 108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"მიმდინარე წლის 23 ნოემბერს, საღამოს საათებში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი, 1988 წელს დაბადებული დ.მ. და ბრალდებული გ.ლ. მეგობრებთან ერთად, თბილისში, მათსავე საცხოვრებელი ბინის მიმდებარე ქუჩაზე იმყოფებოდნენ.

დ.მ-სა და გ.ლ.-ს კონფლიქტი მოუხდათ და ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც გ.ლ.-მ მეგობარი - დ.მ. ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით გულმკერდის არეში დაჭრა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა, ხოლო გ.ლ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და სამძებრო მოქმედებების შედეგად გ.ლ. საგარეჯოში დააკავა", - ნათქვამია ინფორმაციაში.


close დახურვა