logo
ENG



ქართული ოცნების ოფისთან ხმაურია - აქტივისტები რიჟვაძის გადადგომას ითხოვენ

25 ნოე 202112:06
3 წუთის საკითხავი
clock 1162
ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების ოფისთან სამოქალაქო აქტივისტები, ნუგზარ ფუტკარაძის საქმის გამო, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტიდან თორნიკე რიჟვაძის გადადგომას ითხოვენ. გუშინ, 24 ნოემბერს ბათუმის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გიორგი კირთაძემ თქვა, რომ ბათუმის ახალი საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე ნუგზარ ფუტკარაძეზე ასლან აბაშიძისდროინდელი ორი ძალოვანი, თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით, ზეწოლას ახდენდა. მან მტკიცებულებად ჩანაწერებიც გამოაქვეყნა.

ოცნების ოფისთან ამ წუთებში ხმაურია. პოლიცია აქტივისტებს შენობის წინ დადგომის უფლებას არ აძლევს და მათ ეუბნება, რომ აქციის ჩატარება გვერდითა მხარეს შეუძლიათ. პოლიციას ოფისის წინა მხარე გადაკეტილი აქვს.

აქტივისტი შუშანა მაცაბერიძე ამბობს, რომ დღეს საქართველოში ყველა ადამიანს, ვინც იბრძვის უსამართლობის წინააღმდეგ, კლავენ.

"ესეც უნდა შერჩეთ?! ჩვენ ვეუბნებით, რომ არ ვაპატიებთ, არ შევარჩენთ და ეს წითელი ხაზი იქნება მათთვის დასასრული. ადამიანის სიცოცხლის შეწირვა ამ ქვეყანაში არ ეპატია არც ერთ ხელისუფლებას და არ ეპატიება არც ამათ.

საგანგაშო მდგომარეობაა დღეს ქვეყანაში. ყველა ადამიანს, ვინც იბრძვის უსამართლობის წინააღმდეგ, კლავენ და უნდა გამოვიდეთ და ხმა ამოვიღოთ, სანამ თქვენი სახლის კარებიც შემოანგრია ამ სისტემამ", - თქვა მან.

კირთაძის თქმითქართულ ოცნებას საკრებულოში უმრავლესობისთვის ნაციონალური მოძრაობის ფრაქციიდან ერთი დეპუტატის გადაბირება სჭირდებოდა, ერთ-ერთი პირველი კი, ვისზეც ზეწოლა დაიწყო, ნუგზარ ფუტკარაძე იყო.

კირთაძემ ბრიფინგზე გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, მისივე თქმით, ისმის, როგორ სთავაზობენ ფუტკარაძეს ქართულ ოცნებაში გადასვლის სანაცვლოდ 100 000 დოლარს. კირთაძის განცხადებით, ფუტკარაძემ ჩანაწერების გაკეთება მას შემდეგ დაიწყო, რაც შეხვედრები გაუსაძლის ხასიათს იღებდა.


close დახურვა