logo
ENG



აქტივისტები ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებაში "ოცნებას" ადანაშაულებენ და აქციას მართავენ

27 ნოე 202112:56
3 წუთის საკითხავი
clock 1154

სამოქალაქო აქტივისტები, ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებაში ქართულ ოცნებას ადანაშაულებენ და პარტიის ცენტრალურ ოფისთან აქციას მართავენ.

აქტივისტების თქმით, ქართული ოცნების რეჟიმს ია კერზაიას, ლექსო ლაშქარავას, ახლა კი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვისა და დაშინების მცდელობაში აშკარაა ხელისუფლების მონაწილეობა. ისინი დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.  

ქართული ოცნების ოფისთან მობილიზებულია პოლიცია.

"ეს არის რეჟიმის განსახიერება - ქართული ოცნების პარტიის ლოგო. ჩვენ ვიცით რამდენი ადამიანი იმსხვერპლა ქართულმა ოცნებამ საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გამო, ლექსო ლაშქარავა, ია კერზაია, ნუგზარ ფუტკარაძე. მათ შორის ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს შემდეგი მსხვერპლი მხოლოდ იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ კომფორტის ზონა და შეინარჩუნონ ძალაუფლება. ამ პოლიტიკურ გუნდს არ გააჩნია სხვა მიზანი. მათი ერთადერთი ამოცანაა, რაც შეიძლება დიდხანს დარჩნენ ძალაუფლებაში და ამისთვის მიმართავენ ნებისმიერ ხერხს, მათ შორის ადამიანის მკვლელობას", - აცხადებს აქტივისტი ნიკა ფარულავა, ვინც აქციაზე, სიმბოლურად, სისხლში გასვრილი ქართული ოცნების მაისურითაა მისული.

აქტივისტები საუბრობენ ქართული ოცნების რუსეთთან კავშირებზეც. ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის ერთადერთ გზად აქტივისტებს ხელისუფლების შეცვლა ესახებათ. 

***

ბათუმის ახალი საკრებულოს წევრი, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა

ბათუმის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გიორგი კირთაძემ 24 ნოემბერს ბრიფინგზე თქვა, რომ ბათუმის ახალი საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე ასლან აბაშიძისდროინდელი ორი ძალოვანი, თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით, ზეწოლას ახდენდა.

კირთაძის თქმით, ოცნებას საკრებულოში უმრავლესობისთვის ნაციონალური მოძრაობის ფრაქციიდან ერთი დეპუტატის გადაბირება სჭირდებოდა, ერთ-ერთი პირველი კი, ვისზეც ზეწოლა დაიწყო, ნუგზარ ფუტკარაძე იყო.

კირთაძემ ბრიფინგზე გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, მისივე თქმით, ისმის, როგორ სთავაზობენ ფუტკარაძეს ქართულ ოცნებაში გადასვლის სანაცვლოდ 100 000 დოლარს. მისი განცხადებით, ფუტკარაძემ ჩანაწერების გაკეთება მას შემდეგ დაიწყო, რაც შეხვედრები გაუსაძლის ხასიათს იღებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმის ახალი საკრებულოს წევრის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.


close დახურვა