logo
ENG



სამთავრობო კონსილიუმის ექიმი: სააკაშვილი ჰოლანდიელი ექიმის დანიშნულ მედიკამენტებს იღებდა

05 დეკ 202112:13
3 წუთის საკითხავი
clock 3112

სამთავრობო კონსილიუმის ექიმი ნინო შარაშენიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოსტკოვიდური გართულებების გამო მისი ჰოლანდიელი ექიმის დანიშნულ მედიკამენტებს იღებდა და მისთვის წამლების დოზის გადამეტებასთან დაკავშირებით არ არის ცნობილი.

"ჩემთვის წამლის პერედოზირების შესახებ არაფერი ცნობილი არ არის, იმიტომ რომ ეს დღისწესრიგში ნამდვილად არცერთხელ არ დამდგარა. იღებდა ის გარკვეულ მედიკამენტებს, მრავალი თვის განმავლობაში, რომელიც პოსტკოვიდური გართულების გამო მისი ჰოლანდიელი ექიმისგან იყო დანიშნული, რომელსაც აბსოლუტურად დიდი ხნის განმავლობაში იღებდა. კონკრეტულად იმ წამლებით, რა თქმა უნდა არ შეიძლება რომ მოხდეს... ყველა წამალს აქვს გარკვეული უკუჩვენება, მათ შორის ანალგინსა," - ამბობს სამთავრობო კონსილიუმის ექიმი ნინო შარაშენიძე.

შეგახსენებთ, მარიამ ჯიშკარიანმა თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ბარათში ფსიქოტროპული პრეპარატი ფიგურირებს. 

ჯიშკარიანისთვის გაუგებარია, რატომ ფიგურირებს ასეთი პრეპარატი მესამე პრეზიდენტის სამედიცინო ბარათში, რადგან მას ფსიქოზი არ აღენიშნებოდა. მისივე თქმით, საპატიმრო დაწესებულებაში "ფსიქოტროპული პრეპარატების არაადეკვატური გამოყენება ფასდება როგორც ფარმაკოლოგიური წამება". 

ჯიშკარიანის თქმით, უცნობია ჰქონდა თუ არა იუსტიციის სამინისტროს რაიმე განზრახვა თუ პრეპარატს საძილე მიზნით იყენებდა. მისივე განცხადებით, სააკაშვილმა იცოდა, რომ საძილე მედიკამენტს იღებდა და არა ფსიქოტროპულს.

ჯიშკარიანი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს მედიკამენტის მიღების მოხსნის მეორე დღესვე ცვლილება აღენიშნებოდა. 

ყოფილი პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებიდან 19 ნოემბერს გადაიყვანეს. 

 

close დახურვა