logo
ENG



"ბავშვი იქვე იყო მგონი, თამაშობდა" - რას ჰყვება მოკლული ორსული ქალის ოჯახი

25 დეკ 202120:40
3 წუთის საკითხავი
clock 3264

ვარკეთილში ახალგაზრდა კაცმა 22 წლის, 5 თვის ორსული ცოლი მოკლა. ორსულს 30-მდე ჭრილობა ცივი იარაღით, მათ შორის მუცლისა და გულის არეში აქვს მიყენებული. 

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ცოლის მკვლელობის შემდეგ გოგა გზირიშვილმა ჯერ 112-ში დარეკა, შემდეგ კი მეზობელს ბავშვი დაუტოვა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს 22 წლის ქეთი კეპულაძე უკვე გარდაცვლილი დახვდათ. 

მოკლული ქალის დეიდაშვილი შაბათის ფორმულას უყვება, რომ მომხდარ ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე ოჯახი სადილობას აპირებდა. 

"საჭმელი უნდა ეჭამათ. ბებიაჩემმა მითხრა, რომ აშკარად მაგიდა გაშლილი იყო - უნდა დამსხდარიყვნენ. ბავშვი იქვე იყო მგონი, კალიასკაში იჯდა თუ ტელეფონზე თამაშობდა ზუსტად არ ვიცი...", - აღნიშნა მან. 

გარდაცვლილის ნათესავი ჰყვება, რომ გზირიშვილი მკვლელობამდე 2 კვირით ადრე ფსიქიატრიულ კლინიკაში წაიყვანეს, სადაც მას წამლები დაუნიშნეს. 

გახდა თუ არა ქალის მკვლელობის საფუძველი მეუღლის ფსიქიკური პრობლემები - ამას ექსპერტიზა დაადგენს, თუმცა მისი ადვოკატი არ მალავს, რომ ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, ფსიქიატრიულ კლინიკაში აღრიცხვაზე იყო და ფსიქოტროპულ მედიკამენტებსაც იღებდა.

მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია. გზირიშვილი ცოლის მკვლელობას აღიარებს, თუმცა მისი თქმით  მას არ ახსოვს როგორ და რა ვითარებაში მოკლა ახალგაზრდა ქალი.  

მოკლულის ოჯახი ვარაუდობს, რომ ახალგაზრდა ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა ბოლო პერიოდში დაიძაბა. ორსული ქალო მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე ქმრის ოჯახიდანაც კი წავიდა, თუმცა მეუღლის დაჟინებული თხოვნის შემდეგ დაბრუნდა.

მოკლულის დეიდაშვილი ძალადობის მსხვერპლ ქალებს მოუწოდებს ხმამაღლა ისაუბრონ ამ პრობლემის შესახებ, დაიცვან საკუთარი სიცოცხლე და უფლებები.

ფემიციდი ქეთა კეპულაძის ტრაგედიით არც დაწყებულა და არც დასრულებულა. ფემიციდის ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებში განმარტავენ, რომ მსხვერპლთა რაოდენობა საგანგაშოდ იზრდება, მიზეზი კი საზოგადოების დუმილი და სახელმწიფოს მხირდან არასაკმარისი პრევენციული მექანიზმებია.  


close დახურვა