logo
ENG



სემეკი: ვინც 2 ქვითარი მიიღო, გადაუხდელობის შემთხვევაში ქსელიდან არ გაითიშება

06 იან 202217:51
3 წუთის საკითხავი
clock 3990

სემეკის განცხადებით, მომხმარებლები ვინც ახალ წლამდე და ახალი წლის შემდეგ წყლისა და დენის ორი ქვითარი მიიღო, იმ შემთხვევაში თუ გადასახადს ვერ გადაიხდიან ქსელიდან არ გაითიშებიან. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ამბობს, რომ მათ ეს გადაწყვეტილება თელმიკოსთან და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან ერთად მიიღეს.

სემეკის მტკიცებით, წყლისა და დენის გადასახადი არ გაზრდილა, არამედ გადასახადი გაიყო ორად.

"ელექტროენერგიის და სასმელი წყლის გადასახადი საქართველოში არ გაზრდილა, იგივე ტარიფები მოქმედებს, ყველაფერი იგივეა, ერთადერთი შეიცვალა აღრიცხვიანობის სისტემა. ეს ახალი სისტემა რომ შესულიყო ძალაში ზოგიერთმა ჩვენმა მოქალაქემ მიიღო ორი ქვითარი, თუმცა არ შეცვლილა არც იქ გადასახადის ოდენობა, ჩათვალეთ ერთ ქვითარში რაც უნდა ყოფილიყო, ის გაიყო ორად.

დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება თბილისის ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანია თელმიკოსა და gpwსთან ერთად, რომ ეს მომხმარებლები, ვინც მიიღო ორი ქვითარი წლის ბოლოს და წლის დასაწყისში, თუ ვერ გადაიხდიან ან არ გადაიხდიან შესაბამის საფასურს არ გაითიშებიან ქსელიდან." – ამბობს სემეკის წარმომადგენელი გიორგი ფანგანი

გარდა ამისა სემეკში ამბობენ, რომ ახალი სისტემით, კომპანია თელმიკო დენის გადასახადის აღწერას დაიწყებს ყოველი თვის ბოლო ოთხ დღეში და მოსახლეობა ქვითრებს მიიღებს მომდევნო თვის პირველ რიცხვებში.

იმ ადამიანებს, ვისაც ორი ან სამი ქვითარი მიუვიდათ და ქვითრებში ასახული თანხა მათი თქმით, ჯამურ რაოდენობას სამჯერ და ოთხჯერ აჭარბებს, სემეკი მოუწოდებს თელმიკოს და მარეგულირებელ კომისიას საჩივრებით მიმართონ და თუ გადაცდომებს სისტემური ხასიათი ექნება კომპანია თელმიკოს დაეკისრება ჯარიმა. 

შეგახსენებთ მოსახლეობამ ახალი წლის დღეებში ერთის ნაცვლად ორი ქვითარი მიიღო.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიამ გააკეთა განცხადება, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ტარიფები არ გაზრდილა.

როგორც სემეკის განცხადებაშია ნათქვამი, ფასის მატება არც მომავალში განიხილება. კომისიამ ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელში მომხმარებლები წერდნენ, რომ კომუნალურებზე ორი ქვითარი და გაზრდილი გადასახადები მოუვიდათ. 


close დახურვა