logo
ENG



ბლინკენი: რუსეთთან ლაპარაკი არ გულისხმობს დათმობაზე წასვლას

09 იან 202223:00
3 წუთის საკითხავი
clock 961
ბლინკენი: რუსეთთან ლაპარაკი არ გულისხმობს დათმობაზე წასვლას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ რუსეთთან დაგეგმილ მოლაპარაკებებზე მნიშვნელოვან მიღწევებს არ ელოდება. 

რუსეთის და აშშ-ის უმაღლესი რანგის პირების შეხვედრები შვეიცარიაში 10 იანვრიდან დაიწყება და მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა ფორმატით გაგრძელდება. 

ბლინკენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ მზად არის, მოისმინოს მოსკოვის წუხილები, რთული იქნება რამე სახის პროგრესის მიღწევა მანამ, სანამ რუსეთი უკრაინის საზღვართან ვითარების დეესკალაციას არ მოახდენს. 

"ძალიან ძნელია რეალური პროგრესის დანახვა ესკალაციის ატმოსფეროში, უკრაინის თავზე დამიზნებული იარაღის პირობებში. ასე რომ, თუ მართლა ვაპირებთ წინსვლას, უნდა დავინახოთ დეესკალაცია და რუსეთის უკან დახევა". - თქვა მან CNN-ის ეთერში. 

აშშ-ის მთავარმა დიპლომატმა ასევე უარყო მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, მოლაპარაკებებმა შეიძლება გააჩინოს რისკი, რომ რუსეთმა შექმნას პრეცედენტი, როცა მეზობელი ქვეყნების საზღვრებთან სამხედრო ძალების გაძლიერებით ვლადიმირ პუტინს შეეძლება ბერკეტების ხელში აღება.  

"ეს ზუსტად საპირისპიროა. პირველ რიგში - რატომ ვართ ჩვენ აქ? - იმის გამო, რომ გასულ ათწლეულზე მეტის განმავლობაში რუსეთმა აგრესიული ქმედებები ჩაიდინა თავისი მეზობლების - საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის მიმართ, ახლა კი უკრაინის მიმართ მუქარა განაახლა. 

მეორე: არსებობს პრინციპები, რომელიც ეხება საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების ფუნდამენტებს. რუსეთის აგრესიას არ მივიღებთ და არც შევეგუებით. 

მოლაპარაკებები ასევე არ გულისხმობს დათმობაზე წასვლას. ეს არის იმისთვის, რომ დავინახოთ, დიალოგისა და დიპლომატიის კონტექსტში, არის თუ არა ისეთი რამ, რისი გაკეთებაც ორივე მხარეს, ყველა მხარეს შეუძლია დაძაბულობის შესამცირებლად". - თქვა ენტონი ბლინკენმა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, აშშ მზად იყო, რუსეთთან განეხილა გარკვეული ზომების გადახედვა, მაგალითად, შეიარაღების კონტროლი და სამხედრო წვრთნების მასშტაბები, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი რამ ორმხრივი უნდა იყოს. 

ენტონი ბლინკენის განცხადებით, აღმოსავლეთ ევროპიდან ჯარების გაყვანის განხილვა და NATO-ს გაფართოებაზე უარის თქმა გამორიცხულია. 

"ვფიქრობ, ძალიან სამართლიანი პერსპექტივაა, NATO-მ გააძლიეროს პოზიციები აღმოსავლეთ ფლანგზე". - თქვა მან. 

ბლინკენმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ აშშ უკრაინას მნიშვნელოვან თავდაცვით დახმარებას უწევს. 

ამერიკულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ გეგმავს, რუსეთის მიმართ მკაცრი ეკონომიკური სანქციები დააწესოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. 


close დახურვა