logo
ENG

ბალტიის ქვეყნები NATO-სთან მათ ტერიტორიაზე სამხედრო ყოფნის გაზრდას განიხილავენ

13 იან 202212:12
3 წუთის საკითხავი
clock 153
2022/01/13/nakmx7l9j0q72zb.png
ესტონეთი, რუსეთის საზღვარი, ნოემბერი 2021
Reuters

ბალტიის ქვეყნები NATO-სთან მათ ტერიტორიაზე სამხედრო ყოფნის გაზრდას განიხილავენ. მიზეზი რუსეთის შეკავებაა

ამის შესახებ Reuters-ს ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა უთხრა. 

რუსეთმა, რომელმაც უკრაინის საზღვართან ასობით ათასი სამხედრო განალაგა, NATO-ს ამგვარი სამხედრო განლაგებების გაუქმება და ალიანსის გაფართოების შეწყვეტა მოსთხოვა. 

რუსეთი ირწმუნება, რომ ეს მათი უსაფრთხოებისთვის არის აუცილებელი. რუსეთმა ნატოს თავისი მოთხოვნები 12 იანვარს, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზეც წარუდგინა. 

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ალიანსის აღმოსავლეთ ევროპის წევრი ქვეყნების გაძლიერება სერიოზულად განიხილება. 

ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა 2004 წლიდან ნატოს და ევროკავშირის წევრები არიან და დიდი ხანია, ალიანსის მეტ ჩართულობასაც ითხოვენ. 

"რა თქმა უნდა, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად განვიხილავთ სამხედრო ყოფნის გაზრდას შემაკავებელი მიზნებისთვის. გარდა ამისა, თუ რუკას დახედავთ, ნახავთ, რომ ბალტიის ქვეყნები NATO-ს ნახევარკუნძულია და შესაბამისად, ჩვენ ჩვენი წუხილები გვაქვს". - თქვა კაია კალასმა როიტერთან.

NATO-ს ერთ-ერთმა დიპლომატმა მედიას კონფიდენციალურად განუცხადა, რომ ბალტიის ქვეყნებში სამხედრო კონტინგენტის გაზრდის საკითხი შესაძლოა თებერვალშიც იქნას განხილული ალიანსის თავდაცვის მინისტრების სამიტზე. 

NATO-ს სამხედრო შენაერთები ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთსა და პოლონეთში 2014 წელს, მას შემდეგ განლაგდა, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. თითო ქვეყანაში 1000 ჯარისკაცი მსახურობს. კაია კალასის თქმით, ამ რაზმების გაზრდა შესაძლებელია. 


close დახურვა