logo
ENG



შსს-ს თანამშრომლებს, რომლებმაც სამხედროებს ყაზარმის მოხეხვა აიძულეს, პატიმრობა მიუსაჯეს

15 იან 202200:30
3 წუთის საკითხავი
clock 1108

პროკურატურის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ შსს-ს ორ თანამშრომელს ე.წ. ჯარისკაცების საქმის ფარგლებში 5 და 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა. კერძოდ, მათ ბრალად ედებოდათ არაადამიანურ მოპყრობა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით. 

უწყების განცხადებით, ერთ-ერთი მსჯავრდებულის საქმის მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წელს, სხვადასხვა პერიოდში, შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ქვეგანყოფილების ცვლის უფროსმა გ.ბ.-მ ორ სამხედრო მოსამსახურეს მძიმე ჩაფხუტებით და ჯავშანჟილეტებით აღჭურვილ მდგომარეობაში და პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სხვა სამხედრო მოსამსახურეების თანდასწრებით აიძულა ყაზარმის ტერიტორიის გახეხვა.

გარდა ამისა, უწყების მტკიცებით, 2020 წელს, სხვადასხვა პერიოდში, იმავე ბრალდებულმა, ორ სამხედრო მოსამსახურეს პირადი ღირსების შეურაცხყოფით სხვა სამხედრო მოსამსახურეების თანდასწრებით აიძულა ყაზარმის ტერიტორიის გახეხვა.

სასამართლომ მას სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.  

მეორე მსჯავრდებულის, დ.დ.-ს საქმე 2021 წლის 13 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით განიხილა.

პროკურატურის ცნობითვე, მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დ.დ.-მ 2020 წელს, სხვადასხვა დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საწვრთნელ ბაზაზე (ე.წ „იაღლუჯას“ ბაზაზე) ერთ-ერთ სამხედრო მოსამსახურეს, დასჯის მიზნით, პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სხვა სამხედრო მოსამსახურეების თანდასწრებით, დამამცირებელ მდგომარეობაში ყაზარმის ტერიტორიის გახეხვა აიძულა.

ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის საფუძველზე, მას სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრეს.

პროკურატურამ სამართლებრივი რეაგირება მოახდინა ასევე ჯარისკაცების საქმეში არაადამიანურ მოპყრობაში მხილებული კიდევ ერთი საჯარო მოხელის, მსჯავრდებულების გ.ბ.-ს და დ.დ.-ს უშუალო უფროსის, შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილის მ.ბ.-ის მიმართაც, რომლის მიმართ მისი გარდაცვალების გამო სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაიწყო.


close დახურვა