logo
ENG



ბლინკენი და სტოლტენბერგი: აშშ და NATO მზად არიან კვლავ შეხვდნენ რუსეთს

15 იან 202213:55
3 წუთის საკითხავი
clock 782
2022/01/15/bk5o3j3fgyzc6wv.jpg
NATO

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს გუშინ ტელეფონით რუსეთისა და უკრაინის საკითხზე ესაუბრა. მათ რუსეთთან დიალოგის მზაობა გამოთქვეს.  ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერი ნედ პრაისის ინფორმაციით, ბლინკენმა სტოლტენბერგთან 12 იანვრის NATO-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდგომი ნაბიჯები განიხილა. პრაისის თქმით, აშშ და NATO მზად არიან კვლავ შეხვდნენ რუსეთს და სურთ დიპლომატია და ორმხრივი დიალოგი გააგრძელონ.

ამერიკის შეერთებული შტატები და NATO-ს მოკავშირე ქვეყნები გაერთიანებულად დგანან დიპლომატიურ გზაზე, რათა რუსეთს დაუყოვნებლივი მოქმედება აიძულონ და მოხდეს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის მყისიერი დეესკალაცია.

***

შეგახსენებთ, რომ უკვე 2 თვეზე მეტია, რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100-ობით ათასი ჯარისკაცი განალაგა. დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას გეგმავს. სამხედრო მობილიზებას კრემლი უსაფრთხოების მოტივით ამართლებს.

12 იანვარს ბრიუსელში NATO-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატომ რუსეთს შესთავაზა სამხედრო წვრთნების გამჭვირვალობის გაზრდის კონკრეტული გზები საშიში სამხედრო ინციდენტების თავიდან აცილების და სივრცითი და კიბერ საფრთხეების შემცირების მიზნით. 

თავის მხრივ კი რუსეთი მოთხოვნების შესრულებას ითხოვდა: უკრაინის სიახლოვეს NATO-ს სამხედრო განლაგებების გაუქმებას, ალიანსი გაფართოებაზე უარის თქმასა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების უკან წაღებას. ამ გადაწყვეტილების თანახმად, უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები. 

პასუხად იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ალიანსის აღმოსავლეთ ევროპის წევრი ქვეყნების გაძლიერება სერიოზულად განიხილება. ბალტიის ქვეყნების განცხადებით, ისინი NATO-სთან მუშაობენ, რათა ამ ქვეყნებში ალიანსის სამხედრო კონტინგენტი გაიზარდოს. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ მზად არის, მოისმინოს მოსკოვის წუხილები, რთული იქნება რამე სახის პროგრესის მიღწევა მანამ, სანამ რუსეთი უკრაინის საზღვართან ვითარების დეესკალაციას არ მოახდენს. 

ენტონი ბლინკენისვე თქმით, აღმოსავლეთ ევროპიდან ჯარების გაყვანის განხილვა და NATO-ს გაფართოებაზე უარის თქმა გამორიცხულია. 

გარდა ამისა, ამერიკული მედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ შეიმუშავა ახალი, უფრო მკაცრი სანქციების პაკეტი რუსეთის მიმართ იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაინაში შეიჭრება. 


close დახურვა