logo
ENG



"საჭიროა ამოსუნთქვა, დამშვიდება" - ზელენსკი უკრაინელებს მიმართავს

20 იან 202209:12
3 წუთის საკითხავი
clock 1750

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული საფრთხე წლებია არსებობს და ახლა ისინი არ გაზრდილა, არამედ, გაიზარდა "აჟიოტაჟი". ამის შესახებ მან 19 იანვარს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა, სადაც მოსახლეობას დამშვიდებისკენ მოუწოდა.

"ახლა მთელი საინფორმაციო სივრცე სავსეა ერთი და იგივე სახის ინფორმაციით რუსეთთან ომზე, რომ შემოჭრა შეიძლება, დაიწყოს ხვალ. თითქოს მზად არ ვართ, თუმცა მარტოც არ ვართ, მთელი მსოფლიო მხარს გვიჭერს.

და რა ხდება სინამდვილეში? ამ რეალობის წინაშე ხო 8 წელია ვდგავართ? შეჭრა 2014 წელს დაიწყო. საფრთხე ახლა ხომ არ გამოჩნდა? ეს რისკები მრავალი წელია არსებობს და არ გაზრდილა, გაზიარდა აჟიოტაჟი. მნიშვნელოვანია ყველაფერზე გონივრულად რეაგირება და იმის ცოდნა, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშაა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს გადავჭრათ დიპლომატიური გზით, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინაში მშვიდობას მივაღწიოთ. [...]

ჩვენმა ყველა მოქალაქემ, განსაკუთრებით მოხუცებმა, ეს უნდა გაიგონ, უნდა ამოისუნთქონ და დამშვიდდნენ. არ გაიქცნენ წიწიბურისა და ასანთის საყიდლად. ყველა მედია უნდა იყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალება და არა მასობრივი ისტერიის. აჟიოტაჟის ატეხვით მტერს ნუ დაეხმარებით", - განაცხადა ზელენსკიმ. 

***

უკვე 2 თვეზე მეტია, რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100-ობით ათასი ჯარისკაცი განალაგა. დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას გეგმავს. სამხედრო მობილიზებას კრემლი უსაფრთხოების მოტივით ამართლებს.

12 იანვარს ბრიუსელში NATO-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატომ რუსეთს შესთავაზა სამხედრო წვრთნების გამჭვირვალობის გაზრდის კონკრეტული გზები საშიში სამხედრო ინციდენტების თავიდან აცილების და სივრცითი და კიბერ საფრთხეების შემცირების მიზნით. 

თავის მხრივ რუსეთმა კვლავ თავისი მოთხოვნები დააყენა: უკრაინის სიახლოვეს NATO-ს სამხედრო განლაგებების გაუქმება, ალიანსი გაფართოებაზე უარის თქმა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული იმ გადაწყვეტილების უკან წაღება, რომლის თანახმადაც, უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები. 

პასუხად იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, სერიოზულად განიხილება ალიანსის აღმოსავლეთ ევროპის წევრი ქვეყნების გაძლიერება. 

ამასთან, ბალტიის ქვეყნების განცხადებით, ისინი NATO-სთან მუშაობენ, რათა ამ ქვეყნებში ალიანსის სამხედრო კონტინგენტი გაიზარდოს. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ მზად არის, მოისმინოს მოსკოვის წუხილები, რთული იქნება რამე სახის პროგრესის მიღწევა მანამ, სანამ რუსეთი უკრაინის საზღვართან ვითარების დეესკალაციას არ მოახდენს. 

ენტონი ბლინკენისვე თქმით, აღმოსავლეთ ევროპიდან ჯარების გაყვანის განხილვა და NATO-ს გაფართოებაზე უარის თქმა გამორიცხულია. 

გარდა ამისა, ამერიკული მედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ შეიმუშავა ახალი, უფრო მკაცრი სანქციების პაკეტი რუსეთის მიმართ იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაინაში შეიჭრება.


close დახურვა