logo
ENG



კობახიძე: ჩვენს პოზიციას ალტერნატივა არ აქვს - ეს არის უკრაინის მიმართ მხარდამჭერი პოზიცია

20 იან 202214:24
3 წუთის საკითხავი
clock 1025

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს უკრაინის მიმართ მხარდამჭერი პოზიცია აქვს და ამას ალტერნატინა არ გააჩნია.

როგორც მან ჟურნალისტებთან თქვა, მათ შორის სხვა პარტიებთან კონსულტაციის შემდეგ გაირკვევა, რა ფორმით გამოხატავს საქართველო უკრაინის მიმართ მხარდაჭერას.

"ჩვენი პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით არის ძალიან მკაფიო, პარლამენტიც, რა თქმა უნდა, თავის პოზიციას დააფიქსირებს. ბუნებრივია, ჩვენს პოზიციას ალტერნატივა არ აქვს, ეს არის უკრაინის მიმართ მხარდამჭერი პოზიცია, ეს არის ერთადერთი, რაც ჩვენ შეიძლება გამოვხატოთ.

რაც შეეხება გამოხატვის ფორმებს, ამაზე შევჯერდებით, მათ შორის, რა თქმა უნდა, გვექნება კონსულტაციები სხვა პოლიტიკურ პარტიებთან", - თქვა კობახიძემ.

***

უკვე 2 თვეზე მეტია, რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100-ობით ათასი ჯარისკაცი განალაგა. დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას გეგმავს. სამხედრო მობილიზებას კრემლი უსაფრთხოების მოტივით ამართლებს.

12 იანვარს ბრიუსელში NATO-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატომ რუსეთს შესთავაზა სამხედრო წვრთნების გამჭვირვალობის გაზრდის კონკრეტული გზები საშიში სამხედრო ინციდენტების თავიდან აცილების და სივრცითი და კიბერ საფრთხეების შემცირების მიზნით. 

თავის მხრივ რუსეთმა კვლავ თავისი მოთხოვნები დააყენა: უკრაინის სიახლოვეს NATO-ს სამხედრო განლაგებების გაუქმება, ალიანსი გაფართოებაზე უარის თქმა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული იმ გადაწყვეტილების უკან წაღება, რომლის თანახმადაც, უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები. 

პასუხად იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, სერიოზულად განიხილება ალიანსის აღმოსავლეთ ევროპის წევრი ქვეყნების გაძლიერება. 

ამასთან, ბალტიის ქვეყნების განცხადებით, ისინი NATO-სთან მუშაობენ, რათა ამ ქვეყნებში ალიანსის სამხედრო კონტინგენტი გაიზარდოს. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ მზად არის, მოისმინოს მოსკოვის წუხილები, რთული იქნება რამე სახის პროგრესის მიღწევა მანამ, სანამ რუსეთი უკრაინის საზღვართან ვითარების დეესკალაციას არ მოახდენს. 

ენტონი ბლინკენისვე თქმით, აღმოსავლეთ ევროპიდან ჯარების გაყვანის განხილვა და NATO-ს გაფართოებაზე უარის თქმა გამორიცხულია. 

გარდა ამისა, ამერიკული მედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ შეიმუშავა ახალი, უფრო მკაცრი სანქციების პაკეტი რუსეთის მიმართ იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაინაში შეიჭრება.


close დახურვა