logo
ENG



"განვიხილეთ რუსეთის აგრესიული მცდელობები" - დეგნანმა პაპუაშვილთან უკრაინის საკითხზე იმსჯელა

20 იან 202214:37
3 წუთის საკითხავი
clock 986
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ უკრაინასთან დაკავშირებული პროცესები გავლენას ახდენს არამხოლოდ უკრაინაზე, არამედ საქართველოსა და მთელ რეგიონზე. ამაზე ელჩმა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

დეგნანის თქმით, პაპუაშვილთან შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი სწორედ რუსეთის აგრესიული მცდელობები იყო.  

"გვქონდა შესაძლებლობა განგვეხილა რუსეთის აგრესიული მცდელობები, მოახდინოს ევროპული უსაფრთხოების დესტაბილიზაცია ძალის გამოყენების მუქარით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია საქართველოსთვის, რეგიონისთვის, ყველა ჩვენგანისთვის, ვინც ვიცავთ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებმაც შეინარჩუნა მშვიდობიანი და წარმატებული ევროპა ბოლო 30 წლის განმავლობაში", - თქვა დეგნანმა.

კელი დეგნანის თქმით, ყველამ უნდა დაიცვას ის ფუნდამენტური პრინციპები, რომლებიც "გვაძლევს საშუალებას ვიცხოვროთ ისე, როგორც ვცხოვრობთ". 

"რუსეთმა შექმნა კრიზისი, რომ მიეპყრო ყურადღება., ჩვენ რუსეთთან მოლაპარაკებებს ვაგრძელებ, რომ განვსაზღვროთ რა ამოძრავებს მათ, რა დგას მათი აგრესიული ქმედებების უკან, ყველა კონსულტაციისას ვახსენებთ საქართველოს და ვრჩებით ახლო კომუნიკაციაში საქართველოსთან.

ეს ყველაფერი მხოლოდ გავლენას საქართველოსა და უკრაინაზე არ მოახდენს, ეს ახდენს გავლენას ფუნდამენტურ პრინციპებზე, რომლებმაც შეუნარჩუნეს სტაბილურობა ევროპულ უსაფრთხოებას და ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდის საშუალება მისცეს. სწორედ ამიტომ უნდა დავიცვათ პრინციპები, რომლებიც გვაძლევს საშუალებას ვიცხოვროთ ისე,როგორც ვცხოვრობთ", - თქვა დეგნანმა

​შალვა პაპუაშვილის შემდეგ ის ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძესაც შეხვდა. 

შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა. 

 

***

უკვე 2 თვეზე მეტია, რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100-ობით ათასი ჯარისკაცი განალაგა. დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას გეგმავს. სამხედრო მობილიზებას კრემლი უსაფრთხოების მოტივით ამართლებს.

12 იანვარს ბრიუსელში NATO-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატომ რუსეთს შესთავაზა სამხედრო წვრთნების გამჭვირვალობის გაზრდის კონკრეტული გზები საშიში სამხედრო ინციდენტების თავიდან აცილების და სივრცითი და კიბერ საფრთხეების შემცირების მიზნით. 

თავის მხრივ რუსეთმა კვლავ თავისი მოთხოვნები დააყენა: უკრაინის სიახლოვეს NATO-ს სამხედრო განლაგებების გაუქმება, ალიანსი გაფართოებაზე უარის თქმა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული იმ გადაწყვეტილების უკან წაღება, რომლის თანახმადაც, უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები. 

პასუხად იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, სერიოზულად განიხილება ალიანსის აღმოსავლეთ ევროპის წევრი ქვეყნების გაძლიერება. 

ამასთან, ბალტიის ქვეყნების განცხადებით, ისინი NATO-სთან მუშაობენ, რათა ამ ქვეყნებში ალიანსის სამხედრო კონტინგენტი გაიზარდოს. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ მზად არის, მოისმინოს მოსკოვის წუხილები, რთული იქნება რამე სახის პროგრესის მიღწევა მანამ, სანამ რუსეთი უკრაინის საზღვართან ვითარების დეესკალაციას არ მოახდენს. 

ენტონი ბლინკენისვე თქმით, აღმოსავლეთ ევროპიდან ჯარების გაყვანის განხილვა და NATO-ს გაფართოებაზე უარის თქმა გამორიცხულია. 

გარდა ამისა, ამერიკული მედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ შეიმუშავა ახალი, უფრო მკაცრი სანქციების პაკეტი რუსეთის მიმართ იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაინაში შეიჭრება.


close დახურვა