logo
ENG



შაბათის ფორმულა: დევნილების პრობლემების ფონზე, ოცნება ბინებს პრივილეგირებულ პირებს ​ჩუქნის

22 იან 202220:47
3 წუთის საკითხავი
clock 1439

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, მიუხედავად იმისა რომ 30 წლის განმავლობაში, დევნილების დიდი ნაწილი საცხოვრებელ სახლებს უშედეგოდ ელოდება, ქართული ოცნება პრივილეგირებულ პირებს ბინებს ჩუქნის. 

მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი პრივილეგირებული დევნილი, ყოფილი პრემიერის და შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმის ფიგურანტია. წყაროს ინფორმაციით, მატროსოვის ციხის უფროსმა ოფიცერმა ბინა საჩუქრად მერაბიშვილის გაყვანაში მონაწილეობის მიღებისა და შემდეგ ჩვენების არ მიცემის გამო მიიღო.

შაბათის ფორმულასთან საუბარში მატროსოვის ციხის თანამშრომელი ჰყვება, რომ იმ ბინის გარდა, რომელიც სახელმწიფომ გადასცა, სხვა ქონება არ გააჩნია, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს მონაცემები საჯარო რეესტრიდან. მისი ცოლი ფლობს 80 კვადრატულ ბინას მშენებარე კორპუსში, ქონებები ფიქსირდება მისი ოჯახის სხვა წევრებზეც.  

დევნილებმა, აფხაზეთის მთავრობის დევნილთა ყოფილი მინისტრის ვაჟისთვის ბინის გადაცემის ფაქტი მას შემდეგ აღმოაჩინეს, როცა მისი სახელი და გვარი საჯაროდ გამოქვეყნებულ ბინის მიღების აპლიკანტთა სიაში იპოვეს. აღმოჩნდა , რომ კუჭუხიძის ვაჟმა ოჯახის სოლიდური ქონების მიუხედავად 3-ოთახიანი ბინა მიიღო. 

კანონმდებლობაში წერია, რომ დაუყოვნებლივ, სხვებთან უპირატესად ის დევნილები უნდა დაკმაყოფილდნენ, რომლებიც ნგრევად, სიცოცხლისთვის საშიშ შენობებში ცხოვრებენ. მიუხედავად ამისა, ისევ ქუჩაშია დარჩენილი, არასრულწლოვანი ზუგდიდელი გოგონას ოჯახი, რომელიც ერთი წლის წინ დროებითი თავშესაფრის ნგრევისას ნანგრევებში მოჰყვა.

შენობის ჩამონგრევის ეშინიათ და გასახლებას 1993 წლიდან ელიან ჭავჭავაძის გამზირზე აღმართული შავი გალავნის მიღმა აღმოჩენილი დევნილებიც.

"ძალიან საფრთხის შემცველია, ყოველ წუთს შეიძლება დაინგრეს ეს შენობა და აქ მცხოვრებლები დავიღუპოთ. ამის სათანადო დასკვნებიც არსებობს, გაზიფიცირება არ არის, და იმის გამო რომ ელემენტარული პირობები შევუქმნათ ბავშვებს დენით გვიწევს გათბობა და მთელი რესურსი ამაში მიდის. ასევე საერთო ტუალეტებით სარგებლობა, საშინელებაა, ჰიგიენა, სუნია, ბავშვებსაც იქ უწევთ მოწესრიგება, დაბანა, პანდემიისას საშინელებაა, ცოცხალი რიგი დგება ხოლმე აბაზანასთან. რეალურად, არ ვითხოვთ ფუფუნებას, გვინდა რომ თავი ვიგრძნოთ ადამიანებად", - ამბობს ერთ-ერთი დევნილი შაბათის ფორმულასთან საუბარში. 


close დახურვა