logo
ENG



ნაცემი ბიჭის მეგობარი: პოლიციელის აგრესია ესკალატორის მოაჯირზე დაჯდომამ გამოიწვია

25 იან 202214:14
3 წუთის საკითხავი
clock 3219

პოლიციელის მიერ ნაცემი არასრულწლოვნის მეგობარი, რომელმაც ძალადობის კადრები გადაიღო, ფორმულასთან ყვება, რომ სამართალდამცველების გაღიზიანება ესკალატორის მოაჯირზე დაჯდომამ გამოიწვია.

მისი თქმით, პოლიციელი გააფრთხილეს, რომ ბიჭი შშმ პირია და ნათქვამს ვერ გაიგებდა, რაზეც პოლიციელმა მას უთხრა, რომ აალაპარაკებდა.

"ესკალატორის მოაჯირზე დაჯდა ჩემი მეგობარი, რამაც გამოიწვია სამართალდამცველის აგრესია. ზემოდან პოლიციელმა ალბათ დაინახა და ქვემოთ მყოფ პოლიციელს გადასცა, რომ მოაჯირზე ზის...

რაზე უნდა შევწინააღმდეგებოდით?! კი, შეიძლება არ არის სწორი საქციელი, რომ მოაჯირზე დაჯდა, მაგრამ მაგის გამო ეგრე არ უნდა მიუდგე ადამიანს და ეგრე სასტიკად არ უნდა გაუსწორდე. ვუთხარით, რომ არის ყრუ-მუნჯი, არ ესმის და ვერ გააგებინებ ვერაფერს და გვითხრა, ავალაპარაკებო - როგორ აალაპარაკა, ვიდეოში ნახავდით", - ყვება ბიჭი.

რაც შეეხება მეორე პოლიციელს, კადრების ავტორი ამბობს, რომ ის "ცივად" უყურებდა, როგორ სცემდა მეორე პოლიციელი არასრულწლოვანს.

"მეორე პოლიციელი ცივად უყურებდა, არაფერს აკეთებდა საერთოდ, რეაქცია არ ჰქონია. როგორც ინფორმაცია მომაწოდეს, სამხრე კამერით იღებდნენ ეგენიც და ალბათ, უყურებდნენ და იცინოდნენ", - ამბობს ის.

მისივე თქმით, ჯერჯერობით, საგამოძიებო უწყება არ დაკავშირებია და გამოკითხვაზე არ ყოფილა, თუმცა ამბობს, რომ მზად არის, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

გუშინ, 24 იანვარს მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორც სცემს მეტროში არასრულწლოვან შშმ პირს პოლიციელი. ამ საქმეზე დღეს, 25 იანვარს დილით სახელმწიფო ინსპექტორმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 თანამშრომელი დააკავა.


close დახურვა