logo
ENG



გაფრინდაშვილი: მადლობა ამერიკულ სასამართლოს, რომელმაც სამართლიანად შეაფასა მოცემულობა

28 იან 202214:37
3 წუთის საკითხავი
clock 1098
2022/01/28/b7cnclu6xez47om.jpg

ქართველი დიდოსტატი ქალი მოჭადრაკე, ნონა გაფრინდაშვილი ეხმაურება ამერიკელი მოსამართლის მიერ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ Netflix-ის შუამდგომლობის არ დააკმაყოფილებას და ამბობს, რომ "ჭადრაკის ენაზე, დებიუტი მოგებულია".

გაფრინდაშვილის თქმით, ამერიკულმა სასამართლომ კვალიფიციურად და სამართლიანად შეაფასა მოცემულობა და მას სჯერა, რომ ქართველი და ამერიკელი ადვოკატების პროფესიონალ გუნდთან და გულშემატკივრებთან ერთად მივა საბოლოო გამარჯვებამდე.

გთავაზობთ ნონა გაფრინდაშვილის მიმართვის სრულ ტექსტს:

ნონა გაფრინდაშვილის მიმართვა

ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ დებიუტი მოგებულია. ზოგადად ცხოვრებაში და  ასევე სპორტში გამარჯვების მისაღწევად რამდენიმე აუცილებელი პირობა არსებობს: რწმენა, ბრძოლის წყურვილი და ჟინი, პროფესიონალიზმი და აუცილებელი კვალიფიკაცია, გულშემატკივრები და სიმართლე. მე ვიცავ ჩემს განვლილ ცხოვრებას, ეროვნებას და მიღწევებს, რომლებსაც უღირსად შეეხნენ. გულშემატკივრების საოცარ მხარდაჭერას მთელი ცხოვრება ვგრძნობდი. პროფესიონალიზმი ამ შემთხვევაში აისახება ჩემი ქართველი და ამერიკელი ადვოკატების უძლიერეს გუნდში, რომლებმაც საოცარი სამუშაო გასწიეს. მადლობა ამერიკულ სასამართლოს რომელმაც ძალზედ კვალიფიციურად და სამართლიანად შეაფასა არსებული მოცემულობა. გამარჯვების წყურვილი და ბრძოლის ჟინი არასოდეს გამნელებია. ეხლაც ღრმად მწამს რომ ჩემს გუნდთან და ყველა ჩემს გულშემატკივართან ერთად მივალთ საბოლოო გამარჯვებამდე, რადგანაც სიმართლე ჩვენს მხარესაა და ეს მგონი მთელი სამყაროსთვის ცხადია დღეს.

დიახ, მე ვარ ნონა გაფრინდაშვილი, ვარ ქართველი. დიახ, მთელი კარიერის მანძილზე მე ვეთამაშებოდი მამაკაც მოჭადრაკეებს და ხშირად ვამარცხებდი მათ, ამიტომაც მერგო პატივი გავმხდარიყავი პირველი ქალი დიდოსტატი მამაკაცებს შორის. 

უღრმეს მადლობას ვუხდი უამრავ ადამიანს  საქართველოში და მთელს მსოფლიოში, ვინც მე მხარდაჭერა და თანადგომა გამომიცხადა.  ბრძოლა გრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე.

პატივისცემით,

ნონა გაფრინდაშვილი

***

შეგახსენებთ, რომ იურიდიული ფირმა BLB-ს განცხადებით, ნონა გაფრინდაშვილის საქმეში ამერიკელმა მოსამართლემ, ვირჯინია ფილიპსმა არ დააკმაყოფილა Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

"მოსამართლემ არ გაიზიარა Netflix-ის არგუმენტაცია გამოხატვის თავისუფლებით დაცვასთან დაკავშირებით", - აღნიშნავენ ფირმაში, რომელიც სასამართლოში გაფრინდაშვილის ინტერესებს წარმოადგენს. საქმეზე - ნონა გაფრინდაშვილი ნეტფლიქსის წინააღმდეგ - მოსამართლემ ზეპირი მოსმენა 24 იანვარს გამართა.

საქმეზე - ნონა გაფრინდაშვილი ნეტფლიქსის წინააღმდეგ - მოსამართლემ ზეპირი მოსმენა 24 იანვარს გამართა. 

მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა ამერიკულ კომპანია Netflix-ს სექტემბერში უჩივლა. სარჩელი Netflix-ის მიერ სერიალ ლაზიერის გამბიტის (The Queen’s Gambit) ფინალურ ეპიზოდში ნათქვამ წინადადებას ეხება. 

სერიალში ვისმენთ: 

"ერთადერთი უჩვეულო რამ მის [ფილმის მთავარი გმირის] შემთხვევაში მისი სქესია. თუმცა, ის რუსეთშიერთადერთი არ არის. არსებობს ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც მსოფლიოს ქალი ჩემპიონია, თუმცა არასდროს შეხვედრია კაც მოჭადრაკეებს". 

ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის მიხედვით, "ნეტფლიქსმა შეგნებულად იცრუა გაფრინდაშვილის მიღწევების შესახებ იაფფასიანი და ცინიკური მიზეზით, რათა გაეზარდა დრამა და წარმოეჩინა, თითქოს გამოგონილ პერსონაჟს ისეთი რამის გაკეთება უწევს, რაც მანამდე არცერთ ქალს, მათ შორის, ნონა გაფრინდაშვილს, არ გაუკეთებია"

სარჩელში წერია, რომ 1968 წლისთვის, რომელიც აღწერილია ლაზიერის გამბიტის ეპიზოდში, გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა ნათამაშები, სულ მცირე, 59 კაც მოჭადრაკესთან, მათ შორის 10 დიდოსტატთან.


close დახურვა