logo
ENG



უკრაინის მხარდამჭერ ალტერნატიულ პეტიციას მოქალაქეები საჯაროდ, პარლამენტის წინ აწერენ ხელს

28 იან 202215:35
3 წუთის საკითხავი
clock 1039
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

დროას მომზადებულ უკრაინის მხარდამჭერ ალტერნატიულ პეტიციას სამოქალაქო საზოგადოების წევრები საჯაროდ, პარლამენტის წინ აწერენ ხელს.

პეტიცია იმეორებს იმ ალტერნატიული რეზოლუციის ტექსტს, რომელიც პარტია დროამ შეიმუშავა.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ხელმომწერები უკრაინას მხარს უჭერენ, რუსეთის მიერ სამხედრო ესკალაციის გამო ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ და რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალის გამოყენების მუქარას გმობენ.

რეზოლუციას პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო ორგანიზაციებიც შეუერთდნენ. ნებისმიერი მოქალაქისთვის პეტიციაზე საჯაროდ ხელმოწერის ღონისძიება კი დღეს, საქართველოს პარლამენტის შენობასთან მოძრაობა დროამ დააორგანიზა.

„პეტიციის მნიშვნელობა მორალურიდან დაწყებული პოლიტიკურით, პრაგმატულით, ისტორიულით, ყველანაირად ძალიან დიდია, იმიტომ რომ როდესაც რუსეთი ახორციელებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ქვეყანასთან, რომელიც არაერთხელ იდგა ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე 90-იან წლებში, 2008 წელს და ზოგადად, მგონი ძალიან ბუნებრივი ემოცია და პოზიციაა რომ მათ გვერდით იდგე.

თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ რუსეთი რასაც დღეს აკეთებს უკრაინაში ეს სცდება მხოლოდ უკრაინის ტერიტორიას, ეს პირდაპირ ემუქრება საქართველოს. პირდაპირ საუბრობენ, რომ მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტის ხელში ჩასაგდებად აკეთებენ ამას.

რაც მთავარია, მეორე მხარეს არის ძალიან კონსოლიდირებული დასავლეთი. ასეთი აქტიური და ერთიანი დასავლეთი არ ყოფილა ძალიან დიდი ხანია და ამ შავ და თეთრ სურათში ძალიან მკაფიო უნდა იყოს, სად დგას საქართველო. ამას არ აკეთებს საქართველოს პარლამენტი და ამიტომ აქტივისტებს, ნიკუშა ფარულავას და სხვებსაც გაუჩნდათ იდეა, რომ მოსახლეობამ, მოქალაქეებმა მოაწერონ ხელი ამ დოკუმენტს და ჩვენ უბრალოდ ამის ორგანიზება გავწიეთ“, - განაცხადა დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნება და ოპოზიცია უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის შედგენაზე მუშაობდა, თუმცა განცხადების ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ.

მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ არსად იყო ნახსენები რუსეთი და მისი აგრესია, რაც ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. სწორედ ამის შემდეგ შეიმუშავა დროამ ცალკე რეზოლუცია.

სოციალურ ქსელში გუშინ უკრაინის მხარდამჭერი პეტიცია გავრცელდა, რომლის ავტორიც პარტია დროაა. პეტიციის ტექსტი დროას მიერ დღეს წარდგენილ რეზოლუციას ემთხვევა და მასზე ხელის მოწერა ნებისმიერ მოქალაქეს როგორც ონლაინ, ასევე პარლამენტის წინ ორგანიზებული ღონისძიების ფარგლებში შეუძლია.

 


close დახურვა