logo
ENG



აუდიტი: ბათუმში 2 წელში რესტორნის, საჩუქრების და ტრანსპორტირებისთვის ₾84 781 დაიხარჯა

29 იან 202211:58
3 წუთის საკითხავი
clock 580
ფოტო: ბათუმელები

აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2019-2020 წლებში ბათუმის მუნიციპალიტეტში, წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსებიდან წარმომადგენლობითი ხარჯების სახით 84 781 ლარი დაიხარჯა. 

2019 წელს გახარჯულია 70 008 ლარი, 2020 წელს კი - 14 773 ლარი. 

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ეს ხარჯები ძირითადად რესტორნის, სასტუმროს, ტრანსპორტირების და საჩუქრების შესყიდვის ხარჯებს მოიცავს. 

ამასთან, ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ფაქტობრივმა ხარჯებმა შეადგინა 561 462 ლარი.

აუდიტის სამსახური ხაზს უსვამს, რომ 2020 წელს ტრანსპორტის დაქირავების ხარჯები, წინა წელთან შედარებით, მკვეთრად - 146 530 ლარით გაიზარდა, რაც კორონავირუსმა განაპირობა -  ბათუმში მოწყობილი საკარანტინო სივრცეებიდან მოქალაქეთა ტრანსპორტირების უზრუნველყოფისათვის თანხა ბათუმის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან დაიხარჯა.

აუდიტის სამსახური ანიშნავს, რომ საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით, არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს საწვავის რაციონალურ ხარჯვას.

კერძოდ, როგორც ანგარიშში წერია, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გამოვლინდა 65 შემთხვევა, როდესაც უფლებამოსილი პირები არ იმყოფებოდნენ მივლინებაში, თუმცა ავტომანქანა დაფიქსირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ.

ამ შემთხვევებზე ვერ იქნა წარმოდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი ავტომობილის ყოფნის აუცილებლობის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულება.

"ამ პირობებში გახარჯულია 4043 ლარის ღირებულების 41 980 ლიტრი საწვავი, რაც წარმოშობს საწვავის არამიზნობრივად ხარჯვისა და ტრანსპორტის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკებს". - წერია აუდიტის სამსახურის ანგარიშში. 

აუდიტის სამსახურის დასკვნით, წარმომადგენლობითი ხარჯების მართვის არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების დასაბუთებულ ხარჯვას - მანქანების რაოდენობასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შემუშავებული რეგულაციების დაცვის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა 20 916 ლარამდე საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა.

"აღნიშნული ავტოპარკის ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ ერთიანი პოლიტიკის განხორციელების ხელის შემშლელი გარემოებაა და ვერ უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურ და რაციონალურ ხარჯვას". -აცხადებს აუდიტის სამსახური. 


close დახურვა