logo
ENG



სანაიას მკვლელობის საქმის ახალი დეტალები - ღარიბაშვილის სიმამრი ბრალდებებს უარყოფს

29 იან 202217:42
3 წუთის საკითხავი
clock 1392

პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი, თამაზ თამაზაშვილი მის მიმართ კონსტანტინე ციხისთავის მიერ გავრცელებულ ბრალდებას გიორგი სანაიას მკვლელობის დაკვეთის შესახებ უარყოფს და ამბობს, რომ მზადაა გამოძიების კითხვებს უპასუხოს.

თამაზაშვილი ფორულასთან საუბარში გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს და ამბობს, რომ საქმის გარშემო დეტალები უკვე ცნობილია და დამნაშავეს, გრიგოლ ხურციძესაც მკვლელობის ჩადენა აღიარებული აქვს.

თამაზაშვილი აცხადებს, რომ შოთა ჭიჭიაშვილს, რომელმაც ციხისთავის განცხადებით შეასრულა თამაზაშვილის დაკვეთა [გიორგი სანაიას მკვლელობის], პირადად მაშინ შეხვდა, როცა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ შეიწყალა. თამაზაშვილი ამ შეხვედრის დეტალებზე არ საუბრობს.

"აბსოლუტურად ყველაფერი ტყუილია. ის ვინც ლაპარაკობს [კონსტანტინე ციხისთავი], მე როგორც მახსოვს ცისკარიშვილის გატაცების ფაქტზე ავიყვანეთ.

დაიწყოს გამოძიება, ის კაცი ვინც იჯდა „გრეცკო", ყველაფერი აღიარა და ციხე მოიხადა. დაკითხონ ისიც, ყველა დაკითხონ. იმ პერიოდში განცდა არსებობდა, ელენე თევდორაძე ამბობდა, თითქოს რაღაცა კასეტა იყო. სად იყო ის კასეტა ან რა შუაში იყო ეს საწყალი გიორგი სანაია ვერ გავიგე, ერთი ჩვეულებრივი ჟურნალისტი იყო, კარგი ადამიანი“, - განაცხადა თამაზ თამაზაშვილმა.

გუშინ ფორმულას ეთერში, ვახო სანაიას გადაცემაში რესპონდენტმა კონსტანტინე ციხისთავმა გიორგი სანაიას მკვლელობის დამკვეთებად პრემიერმინისტრის სიმამრი თამაზ თამაზაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ბაკურაძე, ხოლო მკვლელობის შემსრულებლად კრიმინალური ავტორიტეტი შოთა ჭიჭიაშვილი დაასახელა.

გავრცელებული განცხადებების შესახებ გამოძიების დაწყებას ითხოვს გიორგი სანაიას ოჯახი. ვახო სანაია ამბობს, რომ ციხისთავის დასახელებული ყველა პირი პროკურატურამ გამოკითხვაზე უნდა დაიბაროს, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ გამოძიების იმედი არ აქვს.

"ყველა ეს პირი უნდა დაიბარონ, უნდა დაიწყოს, თუ გაგრძელდეს გამოძიება ამ საქმეზე. ახალი გარემოებებია გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ სხვა საქმეებშიც და ამაზეც უნდა დაიწყოს გამოძიება, მაგრამ მე იმ პროკურატურისგან რა მოლოდინი უნდა მქონდეს რომელიც არაფერს იძიებს, პროკურატურისგან რომელიც ხელისუფლების დაკვეთას პირდაპირ ასრულებს და როდესაც აქ ლაპარაკია ახლანდელი პრემიერმინისტრის ოჯახის წევრზე და ყოფილ მაღალჩინოსნებზე.

ეს ინტერვიუ მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებისთვის და გამოძიების იმედი, სიმართლე გითხრათ, არ მაქვს", - განაცხადა ჟურნალისტმა ვახო სანაიამ.

იურისტი ედუარდ მარიკაშვილი კი აცხადებს, რომ პროკურატურა ვალდებულია საჯარო სივრცეში გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყოს. გუშინდელ ინტერვიუში კი საუბარი იყო დანაშაულის ნიშნებზე, რაც პროკურატურის ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს, განსაკუთრებით მაშინ როცა საქმე ეხება გახმაურებულ მკვლელობას. მარიკაშვილის თქმით, თუ პროკურატურა ამ ინფორმაციას თავს აარიდებს მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გამოძიება მიკერძოებულია.

ფორმულამ კითხვით: დაიწყება თუ არა ახალი ან რა ეტაპზეა 2018 წელს განახლებული გამოძიება, პროკურატურას უკვე მიმართა. თუმცა მათგან აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია ამ დრომდე არ მიგვიღია.


close დახურვა