logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: პანკისის წარსულის ექო

30 იან 202220:06
3 წუთის საკითხავი
clock 1218

ყოფილმა პატიმარმა, კოტე ციხისთავმა, ჩვენს არხთან ინტერვიუში მთავრობის მოქმედი თავმჯდომარის ოჯახის წევრი, ასევე მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და საქართველოში ნომერ პირველ ტერორისტად წოდებული ჭიჭიაშვილი ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის დაკვეთასა და შესრულებაში დაადანაშაულა. ციხისთავი, რომელიც ჭიჭიაშვილის დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი იყო, ამტკიცებს, რომ პირადად მოისმინა, თუ როგორ მისცეს თამაზაშვილმა და ბაკურიძემ ჭიჭიაშვილს ბრძანება - მოეკლა გიორგი სანაია.

რეალურად, ეს გარემოებები გამოძიებისთვის ახალი სულაც არ არის. ციხისთავმა იგივე ციხიდან, 2018 წელს მიცემულ სატელეფონო ინტერვიუშიც დაადასტურა. თუმცა, მაშინ პროკურატურას თავი დიდად არ შეუწუხებია საქმის ხელახლა გამოძიებით. სიმართლე გითხრათ, არც დღეს მაქვს მოლოდინი, რომ სტრუქტურა, რომელიც ოცნების პოლიტიკური დაკვეთების უსიტყვო შემსრულებლად გადაიქცა, პრემიერმინისტრის ოჯახის წევრისა და ოცნებასთან დაახლოებული მაღალჩინოსნის ამ უმძიმეს დანაშაულთან შესაძლო კავშირს გამოიძიებს. 

გიორგის მკვლელობის ოფიციალურ ვერსიას არცერთ ეტაპზე არ ვენდობოდი. იმდენ საეჭვო და ერთმანეთთან შეუსაბამო გარემოებისგან შედგებოდა ეს "გახსნილი" საქმე თავისი "მკვლელის" როლის შემსრულებლით, რომ დამაჯერებლობის მინიმალურ საფუძველსაც კი ვერ ქმნიდა. ბუნებრივია, პირადად მე და ჩემი კოლეგების ის ნაწილი, ვინც გიორგისთან ვმეგობრობდით სუბიექტურად ვართ განწყობილი და გიორგი სანაიას ტრაგიკულ მკვლელობაზე საუბრისას ჩვენი პროფესია ერთგვარ თავშეკავებას გვავალდებულებს. თუმცა ეს არც ვალდებულებას გვიხსნის და არც პასუხისმგებლობას დავსვათ კითხვები და მოვითხოვოთ დამაჯერებელი პასუხები იმ მონათხრობზე, რომელსაც გამოძიებით დამტკიცება, ან უარყოფა სჭირდება. ან რა ვუყოთ იმ თემებს, რაზეც ციხისთავი საუბრობს: გიორგი სანაიას მკვლელობის მიღმა, ინტერვიუში არაერთ მძიმე დანაშაულსა და მკვლელობებზე, მათ შორის პანკისის ხეობაში ნარკოტიკებით, ირაღით და ადამიანებით ვაჭრობასა და ამ პროცესში ჩართულ მაღალჩინოსნებზე.

მეტიც, ინტერვიუდან სერიოზული კრიმინალური დანაშაულების გარდა, ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, მათში მაშინდელი მაღალჩინოსნების ჩართულობა და რაც მთავარია, უცხო და მტრულად განწყობილი სახელმწიფოს სპეცოპერაციების ნიშნებიც იკვეთება. საინტერესო და ნაცნობია მოტივიც: მოსკოვი პანკისის ხეობაში კონფლიქტის პროვოცირებით ჩეჩნებს, ადგილობრივ ქისტებსა და ქართველებს შორის შუღლის გაღვივებით, კონტროლირებადი ქაოსის შექმნით, რუსული სპეცსამსახურების აგენტების აქტიური ინფილტრაციით და არშემდგარი სახელმწიფოს სუსტი რგოლების გამოყენებით, წინაპირობებს ამზადებდა საქართველოში სამხედრო დაბრუნებისთვის, მეამბოხე ჩრდილო კავკასიის სამხრეთი საზღვრის სრულად კონტროლისთვის, თუნდაც ცალმხრივად, ლეგიტიმური საფუძვლის შესაქმნელად და საჯარისო დანაყოფების განსათავსებლად.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს პუტინის მმართველობის დასაწყისია და სწორედ იმ პერიოდში იქმნებოდა და იწრთობოდა სამეზობლოში ინტერვენციის რამდენიმესვლიანი სქემა, რომელიც შემდგომში უფრო დაიხვეწა და  მოგვიანებით პუტინმა, არამარტო საქართველოში, არაერთხელ გამოიყენა. ამ ყველაფერში კი მოსკოვს საქართველოს მაშინდელი მაღალჩინოსნების ნაწილი გააზრებულად, მათ შორის თუნდაც კორუფციული ინტერესის გამო უწყობდა ხელს. ეს ფიგურები კი დღეს ქართულ ოცნებასთან დაახლოვებული პირები არიან და მათ ხელისუფლებაში მოსვლაშიც სერიოზული წვლილი მიუძღვით.

მაშინ სერიოზულად გაგვიმართლა. 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხი ვაშინგტონისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი გახდა და ამერიკელების ჩართულობა საქართველოსა და კავკასიის რეგიონში საგრძნობლად გაიზარდა, რამაც შეაკავა და დააბალანსა მოსკოვის მცდელობები ქაოსში გაეხვია საქართველო და ტერორიზმთან ბრძოლის ეგიდით ძალის გამოყენება გაემართლებინა.

ოცნების პროკურატურა რომ ამ საქმეების გამოძიებას არ დაიწყებს ძნელი მისახვედრი არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში ქმედით ნაბიჯებს აქამდეც გადადგამდა. კითხვები იმასთან დაკავშირებითაც არსებობს, რატომ არ განახლდა გამოძიება გიორგის მკვლელობაზე წინა ხელისუფლების დროს? ან რატომ დაიწყო ამ დეტალების გამოტანა ციხისთავმა 2018 წლიდან? ან რანაირად მოხდა, რომ მან ოცნების დროს, ნაცმოძრაობის შს მინისტრის მოადგილის აფეთქების მცდელობისთვის პატიმრობა მოიხადა და ასეთი ინფორმაციის ფლობის გათვალისწინებით ცოცხალი გადარჩა? ან ფლობს თუ არა ციხისთავი რაიმე ტიპის მტკიცებულებებს, რომლებიც უმძიმეს ბრალდებებს ფაქტობრივად დაადასტურებს?

ამის გამოა საჭირო ეფექტური გამოძიება და ამიტომაცაა, რომ პროკურატურის დუმილი ყველაზე საეჭვოდ გამოიყურება. გარდა ამისა, ჩვენი უახლესი ისტორიის ამ ტრაგიკული კრიმინალური საქმეების გამოძიებას მნიშვნელოვანი პოლიტიკური კონტექსტი აქვს: თუ გვინდა რომ ჭკუა მაინც ვისწავლოთ, როგორც სახელმწიფო გადავრჩეთ და გავძლიერდეთ, კარგად უნდა დავფიქრდეთ, როგორ შეიძლება რომ ადამიანები, რომლებიც მტრულად განწყობილ სახელმწიფოსთან საკუთარი ქვეყნის და მოქალაქეების წინააღმდეგ იყვნენ კოლაბორაციაში, დღეს შესაძლოა მაღალ თანამდებობებზე იყვნენ და ქვეყანას მართავდნენ.

პანკისის წარსულის ექომ, ციხისთავის ხმით ჩვენი ქვეყნის, კონკრეტული ოჯახების და ადამიანების ტრაგიკული წარსული მწარედ შეგვახსენა.


close დახურვა