logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: უთავო სტალინი

06 მარ 202220:06
3 წუთის საკითხავი
clock 1648

გუშინ, 5 მარტს სტალინი მოკვდა. მის მიერ სისხლსა და თავის ქალებზე ნაშენები "რუსკი მირი" უთავოდ დარჩა. უზარმაზარი ქვეყანა, დიდი ტანით - თავის გარეშე. დღეს, 6 მარტს, ერთ ქართულ სოფელში მდგარ მის მონუმენტს თავი მოტეხეს. დარჩა სტალინის ძეგლი უთავოდ... დროებით... მალე მას სხვა თავი მიაბეს. ჯობდა "რუსკი მირის" ქართველ გულშემატკივრებს სტალინის ტანისთვის პირდაპირ პუტინის თავი მიებათ. ასე უფრო სწორი იქნებოდა. მაგრამ ხვდებიან, რომ სასაცილოდ გამოჩნდებოდა - პუტინი თავად სტალინის კარიკატურაა. თან ისეთ შეცდომებს უშვებს, სტალინი რომ არასოდეს დაუშვებდა.

პუტინი არა მოჭადრაკე, არამედ პოკერის მოთამაშეა. როგორც ყოველთვის, ახლაც ეგონა, რომ დასავლეთთან ბლეფი გაუვიდოდა, რუსეთის "ძლევამოსილი" არმია მარშით გაივლიდა მთელ უკრაინას, დაამხობდა ზელენსკის მთავრობას და მის ნაცვლად იანუკოვიჩს ან მისნაირს დასვამდა. თუმცა ასე არ მოხდა. უკრაინამ გმირობა, დასავლეთმა კი სერიოზული პრინციპულობა გამოიჩინა, რამაც პუტინი აიძულა, ბანქო მაგიდაზე დაელაგებინა. აქ კი ყველამ ნათლად დაინახა რეალობა: პუტინის არმია არც ისე ძლევამოსილია. ცივილიზებული სამყაროს მხრიდან კი ლამის ტრადიციად ქცეული უკანდახევა არა რუსეთის უპირატესობით ანდა სიძლიერით, არამედ დასავლეთის მხრიდან კონფრონტაციის თავიდან არიდებით იყო გამოწვეული.

პუტინს რომ ქუჩის ინსტინქტები ჭარბად აქვს, ეჭვი ამაში არავის გვეპარება, და რისი უტყუარი დასტურიცაა ჩავარდნილი ოპერაციის შემდეგ მისი მხრიდან დასავლეთის ბირთვული შანტაჟის მცდელობა. თუმცა, ბანქო აქაც უკვე მაგიდაზეა. ცივილიზებულმა სამყარომ დაპირისპირების შიში უკვე გადალახა და პუტინს პირდაპირი პასუხი გასცა: უკრაინაში ბირთვული კატასტროფა ან მცირე კალიბრის ატომური იარაღის გამოყენება ნატოს წევრ ქვეყნებსაც შეუქმნის საფრთხეს, რასაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პირდაპირი სამხედრო პასუხი მოჰყვება.

თუ პუტინს გაუმართლა და ბრძოლის ბინძური მეთოდებითა და უკიდურესი სისასტიკით მაინც მოახერხა ძირითადი უკრაინული ქალაქების დამორჩილება, კიევის აღება და მისთვის სასურველი ხელისუფლების დასმა, უკრაინის ლეგიტიმური მთავრობა რიგრიგობით ქვეყნის იმ ქალაქებში გადაინაცვლებს, რომლებზეც რუსეთის კონტროლი არ გავრცელდება. უკიდურეს შემთხვევაში კი ქვეყნის საზღვრებს გარეთაც გავა და იქიდან გააგრძელებს წინააღმდეგობის მოძრაობის მართვას. ცივილიზებული სამყარო უკრაინაში რუსულ ხელისუფლებას არ აღიარებს და კიდევ უფრო დაჩქარებული ტემპებით გააგრძელებს ზელენსკის მთავრობის მხარდაჭერას. დაიწყება ორხელისუფლებიანობა და პარტიზანული ომის ხანგრძლივი ფაზა, ანუ დასავლეთსა და რუსეთს შორის რესურსების ომი, რაც ძნელი მისახვედრი არ არის საბოლოოდ ვისი გამარჯვებით დასრულდება.

მეორე სცენარია, როდესაც პუტინს რესურსები სწრაფად ელევა, საბოლოოდ რწმუნდება, რომ ვერ ახერხებს კიევის აღებას და უკან იხევს. ასეთ შემთხვევაში ის სპეცოპერაციის შედეგებს მიღწეულად გამოაცხადებს, რუსულ ჯარებს კი დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების გაფართოებულ საზღვრებთან დააყენებს. ან მეტიც, აღმოსავლეთ უკრაინას მთლიანად გადაღობავს. დასავლეთ უკრაინას კი მოკბეჩილი ვაშლივით დატოვებს იმის იმედით, რომ ცივილიზებული დასავლეთი თავად იტყვის მასზე უარს. ასეთ შემთხვევაში, ევროპაში რადიკალურად შეცვლილი განწყობების ფონზე, მოსალოდნელია გერმანიის სცენარის განვითარება, როდესაც დასავლეთ უკრაინა ნატოსა და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ხდება და უსწრაფესად ვითარდება. რუსეთის მიმართ კი იზოლაციისა და თანმიმდევრული ზეწოლის ერთიანი პოლიტიკა გრძელდება, რის შედეგადაც რუსეთის - საბჭოთა კავშირის მსგავსად ჩამოშლა და უკრაინის - გერმანიის მსგავსად გაერთიანება უკვე დროის საკითხი გახდება.

დღეს პუტინს რეალურად ორ ფრონტზე უწევს ბრძოლა: უკრაინაში, სადაც მას ომი ყოველდღიურად მილიარდობით დოლარი და ათასობით დაღუპულ და დაშავებულ ჯარისკაცად უჯდება. ეჭვგარეშეა, რომ დროთა განმავლობაში ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება მოსახლეობასთან სრულ კოორდინაციაში მყოფი უკრაინის სამხედრო ნაწილების გააფთრებული წინააღმდეგობისა და დასავლეთის მხრიდან მზარდი ტემპებით იარაღით მომარაგების ფონზე. და სახლში, სადაც სანქციებისგან უკვე მოგუდული ეკონომიკა სულს ღაფავს და რუსეთის სახელმწიფო დე-ფოლტის უმძიმეს სტადიას უახლოვდება. რა პირობებშიც, მიუხედავად შეზღუდვებისა, ქვეყანას დიდი სისწრაფით ტოვებს კაპიტალი და მოსახლეობა. ხალხი აშკარად ხედავს, რომ პუტინის მმართველობის პირობებში რუსეთს მომავალი აღარ აქვს. უმძიმესი ფინანსური კრიზისი კი ადრე თუ გვიან მწყობრიდან გამოიყვანს კორუმპირებულ ძალოვან სტრუქტურებს, რომლებზეც დგას კიდეც პუტინის ძალაუფლება და რომლებიც ხელფასის გარეშე ბრძანებას უბრალოდ აღარ შეასრულებენ.

სრული იზოლაციის პირობებში კრემლი დიდი ალბათობით ქვეყანას 90-იანი წლების ქაოსში ჩაძირვას ვეღარ გადაარჩენს. ნელ-ნელა ყველასთვის, პუტინის უახლოესი გარემოცვისთვის, გამილიონერებული რუსი მილიარდერებისთვის და მასიურად გაღარიბებული დანარჩენი მოსახლეობისთვის, ისევე როგორც დასავლეთისა თუ აღმოსავლეთის დედაქალაქებისთვის ერთადერთი გამოსავალი რჩება: პუტინის ხელისუფლებიდან ჩამოცილება. ამ საერთო დაკვეთას კი დიდი ალბათობით თავად მისი გარემოცვა შეასრულებს. უკეთეს შემთხვევაში რუს დიქტატორს ჰააგის ტრიბუნალი გაასამართლებს, უარეს შემთხვევაში კი ჰიტლერის, სტალინის ანდა სულაც კადაფის ბედს გაიზიარებს.

პუტინის და რუსეთის ომი ყველას წინააღმდეგ გრძელდება. შესაბამისად გრძელდება თავად რუსეთის იზოლაცია მთელი მსოფლიოსგან. ციფრულ ეპოქაში, ფეისბუკის გარეშე დარჩენილ ქვეყანაში ოდნოკლასნიკების ერას უბრუნდებიან. ან ეს ოდნოკლასნიკები რაღაში ჭირდება პუტინს, როცა მისი სამეგობრო აეროფლოტის რეისების ჩამონათვალივით მხოლოდ ბელარუსითა და ლუკაშენკოთი შემოიფარგლება. პატარა საქართველოს გალახვის სიმწარე, ცივილიზებულმა სამყარომ მსუბუქად "გადახარშა". აი, 42-მილიონიან უკრაინაში მეორე მსოფლიო ომის სცენების ხილვამ კი პოლიტიკური კონფორმიზმისა და ფინანსურ-ენერგეტიკული სარგებლით დატვირთული სასწორის პინა, პუტინისტური ტირანიის აშკარა საფრთხითა და ბირთვული შანტაჟით გადაწონა. სამწუხაროზე მეტად საშიშია, როდესაც ჩვენი ხელისუფლება პუტინის ოდნოკლასნიკების ჩათში ჩარჩა და უკრაინის მხარდამჭერი კოალიციის, ანუ ცივილიზებული სამყაროს მიღმა იმ მომენტში აყენებს საკუთარ თავს, როდესაც ავანტიურისტ პოკერის მოთამაშეს ყველა კარტი უკვე გახსნილი აქვს და ყველამ დაინახა, რომ ბლეფობს. მას და მის ქვეყანას თუნდაც ყველაფერზე წამსვლელობის გამო აღარავინ დაინდობს. სტალინობაზე მეოცნებე პუტინმა, სინამდვილეში "უთავო სტალინმა" და რუსეთმა ეს დაიმსახურა, "რუსკი მირის" ორგანულმა ნაწილმა ჩვენმა მთავრობამ და ხალხის ნაწილმაც ეს დაიმსახურა. საქართველოს ეს არ დაუმსახურებია!


close დახურვა