logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ოცნების ფორმულა წილოსანისგან

08 მაი 202220:05
3 წუთის საკითხავი
clock 2423

ახლა ნანახი კადრებიდან ერთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთშია გადაღებული. ბავშვებს, რომლებიც ნამდვილად არ დაბადებულან საბჭოთა კავშირში, რუსული სამაისო დღესასწაულების კვირეულში სწორედ საბჭოთა კავშირის შესახებ ამღერებენ. ეს დროსა და სივრცეში გაყინული ტერიტორია პუტინის ყველაზე თავხედური ექსპერიმენტების პოლიგონია, სადაც გამოგონილ რეალობაში, რომელსაც რუსული სამყარო ჰქვია, დღესასწაულის იმიტაცია ხდება. ეს ერთგვარი კარნავალია, სადაც მხოლოდ კარნავალური, აბსურდული წესები მოქმედებს.

მეორე ვიდეო კი თბილისშია გადაღებული, საქართველოს პარლამენტის შენობაში. დაბნეული დეპუტატი წილოსანი ცდილობს დროების ჟურნალისტის, თიკო ერაძის კითხვას პასუხი მოუფიქროს. ამ პროცესში კი ყველაზე გულწრფელად ამბობს იმას, რასაც მისი პარტიული ხაზი უკვე რახანია მეთოდურად ამკვიდრებს. წილოსანს თითქოს მართლაც არ ახსენდება რუსეთის ხელისუფლებისგან საქართველოს მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები, ასეთად მხოლოდ ოკუპაციის ფაქტს იგონებს.

არადა, რატომ უნდა დავიწყებოდა დეპუტატ წილოსანს თუნდაც პუტინის განცხადება, რომ საქართველო არც არასდროს არსებობდა და რომ ეს სახელმწიფო რუსეთმა შექმნა. ეს სიტყვები პუტინს არც დიდი ხნის წინ უთქვამს და არც სხვა ხელისუფლების დროს, ახლახან თქვა, როცა დეპუტატი წილოსანი უკვე დეპუტატი იყო. რა თქმა უნდა ეს არ არის იზოლირებული შემთხვევა და ეს ამბავი მხოლოდ წილოსანს არ ეხება, ქართული ოცნებისთვის შეურაცხყოფის ხაზი საქართველოზე, მის ისტორიაზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე და ტერიტორიულ მთლიანობაზე არ გადის. შეურაცხმყოფელია ის, რაც ბიძინას ეხება, რაც მას აკნინებს, ან მის ბოროტებას ხდის ფარდას. ამიტომ რჩება ასე გულწრფელად აღშფოთებული კოლექტიური დეპუტატი წილოსანი უკრაინელებზე, რომლებიც ქართველ ხალხს პატივს სცემენ, მაგრამ ბიძინა არ მოსწონთ. აი, პირიქით კი ბევრი არაფრის გახსენება შეუძლია. რუსებს ხომ ბიძინაზე ცუდი არასდროს უთქვამთ.

ერთი ქვეყნის ოკუპირებულ და თავისუფალ ნაწილებში მომხდარ ამ ამბებს, თითქოს ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ. იქ წვიმაში მოზარდებს გაზმანოვის ტექსტით ბოროტებაზე ამღერებენ, აქეთ წილოსანი გულწრფელია იმაში, თუ მისთვის რა არის შეურაცხყოფა.

არადა ეს ერთი დიდი ტრაგედიის ორი მხარეა - ერთ ქვეყანაში მომხდარი ორი ამბავი, რომელთაც ერთმანეთთან უფრო მეტი აქვთ საერთო, ვიდრე ზედაპირულად ჩანს.

დეპუტატმა წილოსანმა იდეალურად ჩამოაყალიბა ის ფორმულა, რითაც ოცნება ამ ქვეყანას მართავს. ამ ფორმულის ცვლადები მხოლოდ მაშინ იცვლება, როცა ეს ბიძინას სჭირდება და აწყობს. ყველაფერი კი ამ ერთი ადამიანის და მისი ქონების უსაფრთხოებისკენაა მიმართული.

ეს ფორმულა სოხუმში სიმღერად იმღერება, თბილისში დეპუტატის დაბნეულ, შეშინებულ სახედ ჩანს. არადა როგორი მარტივი შეიძლება იყოს ყველაფერი, თუ კოლექტიური წილოსანი უმეცრებასა და დიდსულოვნებას შორის არსებული ზღვრის გადავლას ეცდება. ეს მაშინ როცა უკრაინიდან ზურგის ქარი უბერავს. მოსკოვში, სოხუმსა და ცხინვალში გაზმანოვი საბჭოთა კავშირს უმღერის, კიევში - ბონო თავისუფლებას!


close დახურვა