logo
ENG



ჯონსონი: არასდროს ვყოფილვარ ასეთი დარწმუნებული, რომ ომში უკრაინა გაიმარჯვებს

09 მაი 202219:44
3 წუთის საკითხავი
clock 878
ჯონსონი: არასდროს ვყოფილვარ ასეთი დარწმუნებული, რომ ომში უკრაინა გაიმარჯვებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს და უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს.

როგორც ჯონსონი ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, ის დარწმუნებულია, რომ ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს.

"მაშინ, როცა ჩვენ მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღვნიშნავთ, პარალელურად არაჩვეულებრივი ევროპული ერი მტრის სასტიკი შეჭრის წინააღმდეგ იბრძვის. ჩემთვის დიდი პატივია კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ უკრაინელ მამაც ხალხს დიდი ბრიტანეთის ურყევი მხარდაჭერა აქვს.

ისინი არაფერს ითხოვენ გარდა იმისა, რომ იცხოვრონ საკუთარ მშვიდობიან და თავისუფალ მიწაზე, რისი უფლებაც ყველას აქვს. ვისაც ამის სჯერა და საკუთარი ქვეყნისთვისაც იგივე სურს, იზიარებს ვალდებულებას, იდგეს უკრაინის გვერდით პუტინის აგრესიის წინააღმდეგ.

რუსეთის შეჭრიდან 75-ე დღეს, უკრაინელები დაუღალავი სიძლიერით და სიმამაცით იბრძვიან, იგერიებენ რუსეთის შეტევებს კიევზე და აჩვენებენ მსოფლიოს, რომ არცერთი რაოდენობის ჯარს არ შეუძლია აჯობოს ადამიანებს, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ იყვნენ თავისუფლები.

ჩვენ, დიდი ბრიტანეთი ამაყი ვართ, რომ ომის დაწყებიდან უკრაინელი მეგობრების მხარდამხარ ვდგავართ, ვაწვდით მათ ჯაველინებსა და სხვადასხვა ტექნიკებს, რათა მოიგერიონ მტრის თავდასხმა როგორც ხმელეთზე, ასევე ჰაერსა და წყალში. ჩვენ მათ ასევე გავუწიეთ 1 მილიარდ გირვანქა სტერლინგზე მეტი ეკონომიკური, სამედიცინო და ჰუმანიტარული დახმარება.

ჩვენ დავგმეთ პუტინის ომი გაეროს და ყველა სხვა საერთაშორისო ფორუმზე. როდესაც ეს ტანჯვა დასრულდება, დიდი ბრიტანეთი უკრაინას ქვეყნის აღდგენასა და სამომავლო თავდასხმისგან თავის დაცვაში დაეხმარება.

ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, არასდროს ვყოფილვარ ასეთი დარწმუნებული, რომ ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს, უკრაინა იქნება თავისუფალი, სუვერენული და კვლავ აღდგება. ბრიტანეთი იქნება უკრაინის გვერდით მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება", - განაცხადა ბორის ჯონსონმა.


close დახურვა