logo
ENG


არესტოვიჩი: ცხინვალის რეფერენდუმი შესაძლოა უკრაინაში მომავალი რეფერენდუმების რეპეტიცია იყოს

14 მაი 202217:19
3 წუთის საკითხავი
clock 391

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთთან მიერთების ე.წ. რეფერენდუმს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ "ცხინვალის რეფერენდუმი" შესაძლოა უკრაინაში მომავალი რეფერენდუმების [ხერსონის ოლქი, დონეცკი, ლუჰანსკი] რეპეტიცია იყოს.

როგორც არესტოვიჩმა გადაცემაში Фейгин Live განაცხადა, რუსეთი ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებით შეამოწმებს რამდენად კარგად ჩატარდება ის და თუ სასურველ შედეგს ვერ მიიღებს, სავარაუდოდ, უკრაინაშიც უკან დაიხევს.

"ჩემი თვალსაზრისით, ეს შესაძლოა იყოს რეპეტიცია დიდი რეფერენდუმებისა, რომლებსაც უკრაინის ტერიტორიებზე გეგმავს. ჯერ უნდათ [რუსებს] ნახონ, გამოუვათ თუ არა პატარა რეფერენდუმი. მეორეც - ეს პატარა გამარჯვებაა. რაღაც ხომ უნდა გამოაცხადონ. [გამოსაცხადებლად] ექნებათ გამარჯვება სამხრეთ ოსეთში. ამ მიმართულებით მაქვს რიტორიკული კითხვა საქართველოს ხელისუფლებასთან, თუმცა ვიცი, რომ პასუხს მაინც გამცემენ: "საერთოდ აპირებთ რაიმეს გაკეთებას თქვენი ტერიტორიული მთლიანობისთვისა და ხელშეუხებლობისთვის?" თუ როგორ? თუ არესტოვიჩთან ჩხუბს გააგრძელებთ", - თქვა მრჩეველმა.

კითხვას - თუ საქართველო გადაწყვეტს რაიმე სამხედრო ნაბიჯები გადადგას, აქვს თუ არა მას შანსი ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე შესვლის, არესტოვიჩმა ასე უპასუხა:

"ცუდად ვიცნობ საქართველოს შეიარაღებული ძალების მდგომარეობას, ამიტომ ვერ შევაფასებ, თუმცა კარგად ვიცი საქართველოს ხელისუფლების მდგომარეობა, არ ეტყობათ, რომ შეძლებენ. შეიძლება შეძლებენ, მაგრამ ჩემ აღქმაში ვერა. რადგან ქვეყნის ხელისუფლებას არ შეუძლია საკუთარ თავს მისცეს იმის უფლება, რომ ორ უშტატო მრჩეველთან - ჩემთან და პოდოლიაკთან, პოლემიკაში შეიჭრას. მათ ზუსტად ეს გააკეთეს, პრემიერმინისტრის, მმართველი პარტიის თავმჯდომარის დონეზე. ეს ზოგადად მაშინ ხდება, როდესაც მტკივნეულ ადგილას მოგარტყეს. და ბოლოს ქართველი ხალხიც იკითხავს, "რა ხდება ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით?" როდესაც აქ უკვე არა დე ფაქტად, არამედ დე იურად ქვეყნის ნაწილს გვართმევენ...

მე მგონია, რომ დასავლეთს ექნება რეაქცია, ეს იქნება კარგი შემოწმება მათი დამოკიდებულების ამ ომის მიმართ და კრემლის ასეთ ქმედებებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ახლა ვნახოთ როგორი რეაქცია ექნებათ სუვერენული ქვეყნის, საქართველოს ტერიტორიების ანექსიის მცდელობაზე, თუნდაც რეფერენდუმის სახელით. საინტერესოა როგორი რეაგირება ექნება დასავლეთს, განსაკუთრებით მაინტერესებს საფრანგეთის და გერმანიას რეაქცია", - აღნიშნა მან.

13 მაისს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. რესპუბლიკის რუსეთთან მიერთების "რეფერენდუმის" ჩატარებას ხელი მოაწერა. დე ფაქტო რეფერენდუმი 17 ივლისს უნდა ჩატარდეს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაამოწმა ყველა საბუთი, რომელიც "რესპუბლიკის რუსეთთან მიერთების" შესახებ ე.წ. რეფერენდუმს ეხება. როგორც ე.წ. ცესკოს განცხადებაში წერია, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია "რესპუბლიკის კანონებს შეესაბამება". ამის შემდეგ ბიბილოვმა განაცხადა, რომ "დადგა დრო ერთხელ და სამუდამოდ გავერთიანდეთ. გავხდეთ უფრო ძლიერები ამ უკვე ოფიციალურ კავშირში. რუსეთი და სამხრეთ ოსეთი იქნებიან ერთად. ეს არის ახალი დიდი ისტორიის დასაწყისი". 

 

 


close დახურვა