logo
ENG



მთავრობა: ღარიბაშვილმა ბრიუსელში საქართველოს დემოკრატიული რეფორმების პროგრესზე ისაუბრა

17 მაი 202218:32
3 წუთის საკითხავი
clock 1147
2022/05/17/scsjxhnilnjyffm.jpg

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით ყოფნის ფარგლებში, EU-ს სხვადასხვა ინსტიტუტების ხელმძღვანელებს, მათ შორის ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან შეხვედრაზე EU-ს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პერსპექტივებზე ისაუბრეს და ღარიბაშვილმა თქვა, რომ ქვეყანა აფასებს ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ინსტიტუტების ურყევ მხარდაჭერას ევროპული ინტეგრაციის გზაზე,  განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყანა ევროკომისიის შეფასების და საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მოლოდინშია.

ამასთან, მთავრობის ცნობით, მიშელთან შეხვედრაზე მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოს განაცხადის განხილვის პროცესზე, მათ შორის, ევროკომისიის კითხვარზე, რომლის ორივე ნაწილი საქართველომ ვადაზე ადრე შეავსო, აგრეთვე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებისა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესზე.

"პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა საქართველოს ისტორიული არჩევანი, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის მოსაზრებისა და ევროპული საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მნიშვნელობას", - აღნიშნულია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარდა ამისა, მთავრობის ცნობით, ღარიბაშვილმა შეხვედრებზე უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად, რეგიონში შექმნილი, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა და კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს მთავრობისა და ხალხის სოლიდარობა და ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.


close დახურვა