logo
ENG



ბორელი: გვესმის, რთულია საქართველოსთვის რუსეთთან წინააღმდეგობა, გთხოვთ სანქციების აღსრულებას

19 მაი 202212:22
3 წუთის საკითხავი
clock 1400

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ მიესალმება უკრაინის საკითხზე გაეროში კენჭისყრის დროს საქართველოს მხარდაჭერას, თუმცა აღნიშნავს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების აღსრულება მნიშვნელოვანია.

ეს ბორელმა ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

"დიდ პატივს ვცემთ გაეროში კენჭისყრის დროს მხარდაჭერას. გვესმის, როგორი რთულია თქვენთვის რუსეთის საწინააღმდეგოდ მოქმედება. ასევე, უნდა გთხოვოთ სანქციების აღსრულება, რათა საფრთხე არ შეექმნას მათ ეფექტურობას"- თქვა ბორელმა.

მისივე შეფასებით, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი საქართველოსთვის შესაძლებლობების ფანჯარაა.

ამასთან, როგორც ბორელმა აღნიშნა, EU კანდიდატი ქვეყნებისგან დამოუკიდებელ და სრულად ანგარიშვალდებულ მართლმსაჯულებას ითხოვს.

"ეს არის შესაძლებლობების ფანჯარა და ის მოითხოვს ტემპის გაზრდას, რომ თავიდან იქნას არიდებული ნებისმიერი ტიპის პოლარიზაცია, გაგრძელდეს რეფორმები განსაკუთრებით მართლმსაჯულების სფეროში, რადგან ეს არის საკვანძო საკითხები. ევროკავშირი არის პოლიტიკური სისტემა, რომელსაც საფუძვლად კანონის უზენაესობა, სრულად ანგარიშვალდებული, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება უდევს და ამას ვითხოვთ ნებისმიერი კანდიდატისგან"- თქვა ბორელმა.


close დახურვა