logo
ENG



კალაძე მელიქიშვილის რეაბილიტაციაზე: უნდა ავიტანოთ ის დისკომფორტი და შეზღუდვები, რაც იქნება

25 მაი 202211:53
3 წუთის საკითხავი
clock 976

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაციისას დაწესებული შეზღუდვების გამო შეიქმნება "გარკვეული დისკომფორტი", რაც მოქალაქეებმა "უნდა აიტანონ".  

კალაძის თქმით, მელიქიშვილის ქუჩა მძიმე მდგომარეობაშია და სამუშაოები 15 ივნისიდან დაიწყება. ეს თარიღი კი იმის გამო განისაზღვრა, რომ სკოლებში სწავლა დასრულებული იქნება ასევე ბევრი ადამიანი გავა ქალაქიდან, რაც გადაადგილებას შეამსუბუქებს.

კალაძის თქმით, რეაბილიტაციისას აუცილებელი იქნება ქუჩის სრული ჩაკეტვა, რათა მიწისქვეშა კომუნიკაციის სისტემები მოწესრიგდეს და განახლდეს და "განხორციელებულმა პროექტმა მომავალ თაობებს, ათეულ წლებს გაუძლოს".

ქალაქის მერის თქმით, იმისთვის, რომ ქალაქი მოწესრიგებული იყოს "გარკვეული დისკომფორტი უნდა ავიტანოთ".

კალაძე ასევე აცხადებს, რომ მზადაა მიიღოს რჩევები თუ ვინმეს მიაჩნია, რომ შესაძლებელია რეაბილიტაცია შეზღუდვების გარეშე მოხდეს.

„ყველას მოგვწონს, როდესაც ჩავდივართ ევროპულ ქალაქებში როგორ არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. თუ გვინდა, რომ ჩვენი ქალაქი მოწესრიგებული იყოს, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა ავიტანოთ ის გარკვეული დისკომფორტი და შეზღუდვები, რომელიც იქნება.

ეს ქალაქი მარტო ჩემი, ან თბილისის მთავრობის წევრების არ არის, ყველას ქალაქია და ის, რაც კეთდება ჩვენი ქალაქისთვის და შვილებისთვის კეთდება. ასე, რომ თუ რაიმე დისკომფორტი იქნება, ამის ატანა აუცილებლად მოგვიწევს, სხვანაირად შეუძლებელია. თუ მასწავლით, როგორ შეიძლება ისე განვახორციელოთ სამუშაოები, რომ შეზღუდვები არ იყოს, გზის ჩაკეტვა არ მოგვიწიოს, დიდი სიამოვნებით მივიღებთ რჩევებსაც, საერთოდ არანაირი პრობლემა არ არის, ყოველთვის ვართ გახსნილები“, - აცხადებს კალაძე.

15 ივნისიდან რეაბილიტაციის გამო მელიქიშვილის გამზირი გადაიკეტება.

როგორც ქალაქის მერმა, კახა კალაძემ თქვა, სამუშაოების მიმდინარეობისას ვარაზის ხევსა და კოსტავას ქუჩაზე სატრანსპორტო საშუალებებს მოძრაობა ორმხრივად შეეძლებათ.


close დახურვა