logo
ENG



კობახიძე: იან კელის პოზიციამ გაუადვილა ნიკა გვარამიას რუსთავი 2 გაეძარცვა

25 მაი 202213:43
3 წუთის საკითხავი
clock 765
კობახიძე: იან კელის პოზიციამ გაუადვილა ნიკა გვარამიას რუსთავი 2 გაეძარცვა

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოში ყოფილი ელჩის, თავის დროზე იან კელის პოზიციამ  ნიკა გვარამიას რუსთავი 2-ის "გაძარცვაში" ხელი შეუწყო.

ჟურნალისტებმა კობახიძეს იან კელისა და დევიდ კრამერის გუშინდელი სტატიის შეფასება სთხოვეს, რაზეც კობახიძემ თქვა, რომ იან კელის ნიკა გვარამიას საქმეზე საუბრის "მორალური უფლება" არ აქვს.

"მე მგონი, კელი და კრამერი საერთოდ აღარ არიან საინტერესო. პირდაპირ გამოიკვეთა, რომ ისინი არიან ლობისტები უკვე ძალიან დიდი ხანია და იან კელის მინდა შევახსენო, რომ მისი პოზიციაც იყო ძალიან პრობლემური თავის დროზე რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით და მისმა პოზიციამაც სამწუხაროდ, პიროვნებაზე მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი, გაუადვილა ნიკა გვარამიას, 7 მილიონით რუსთავი ორი გაეძარცვა. ეს არის ძალიან სამწუხარო. იან კელის არავითარი მორალური უფლება არ აქვს, მით უმეტეს გვარამიას სისხლის სამართლის საქმეზე ისაუბროს გამომდინარე ამ პიროვნული პასუხისმგებლობიდან, რომელიც მას აქვს ამ თემასთან დაკავშირებით"- თქვა კობახიძემ.

გუშინ, 24 მაისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, დევიდ კრამერმა და საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, იან კელი ერთობლივი სტატია გამოაქვეყნეს სახელწოდებით "პუტინი მარცხდება უკრაინაში, მაგრამ იმარჯვებს საქართველოში".

დიპლომატები ქართული ოცნების ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის სურვილის მიუხედავად, გაწევრიანდნენ NATO-სა და ევროკავშირში, მმართველი პარტია დასავლური ინტეგრაციის პოლიტიკას რიტორიკულად უჭერს მხარს, მისი ქმედებები კი აჩვენებს, რომ არასწორ ჯგუფებს ირჩევს.

სტატიაში ამერიკელი დიპლომატები მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებასაც ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ ეს კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოს ავტორიტარიზმისკენ მიმავალ გზაზე.

ამასთან, დიპლომატები აღნიშნავენ, რომ მმართველი გუნდი მტკიცედ აკონტროლებს სასამართლოს და მისი გადაწყვეტილებები ძლიერი ოპოზიციის თავიდან ასაცილებლადაა მიმართული.

სტატია სრულად წაიკითხეთ აქ .


close დახურვა