logo
ENG



გახარია: უახლოესი 4 კვირა, ევროპული იდეის ირგვლივ თუ ვერ გავერთიანდით, გავჩუმდეთ მაინც

25 მაი 202214:45
3 წუთის საკითხავი
clock 871

პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის მომავალი ოთხი კვირა გადამწყვეტი იქნება. ყოფილი პრემიერმინისტრი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ოპოზიციასა, სამოქალაქო საზოგადოებასა და ეკლესიას გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

"საბოლოოდ გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ჯერ მიღებული არაა. ეს მიღებული იქნება უახლოესი 4 კვირის განმავლობაში. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორი მიდგომა ექნება შიდაპოლიტიკურ კონტექსტს ამ საკითხთან დაკავშირებით. ამიტომაცაა ჩვენი ერთიანობა კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი, არც აქვს მნიშვნელობა ვინაა, ვისაც მართლა გულწრფელად უნდა საქართველომ მიიღოს ეს კანდიდატის სტატუსი, იმის მაგივრად, რომ თავს ესხმოდეს თავის ოპონენტებს ან ერთმანეთს, იყოს მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებებით დაკავებული, თუ ერთად დგომა არ შეგვიძლია, უბრალოდ უნდა გაჩუმდნენ", - თქვა გახარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მომავალი 4 კვირის განმავლობაში პოლიტიკოსებმა ერთმანეთი არ ლანძღონ და "პირადი შეურაცხყოფაც კი მოითმინონ".

"არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ როგორ ცდილობს გადააბრალოს ერთმანეთს შესაძლებელი წარუმატებლობა. ნორმალური ადამიანი ამაზე საერთოდ არ უნდა ფიქრობდეს და დარჩენილ 4 კვირაში ყველაფერს უნდა აკეთებდეს, რომ წარმატებას მივაღწიოთ. პირადი შეურაცხყოფა უნდა მოითმინოს, რომ ქვეყნის მომავალი უზრუნველყოს. სამწუხაროდ რასაც ვხედავ, არის საპირისპირო. მე იმედი მაქვს, რომ უახლოესი 4 კვირის განმავლობაში თუ ვერ შევძლებთ ქვეყნის ევროპული მომავლის იდეის ირგვლივ გაერთიანებას, გავჩუმდეთ მაინც, გავჩუმდეთ და ვაცადოთ ჩვენს რიგით მოქალაქეებს. [...] ვერავინ, ირაკლი კობახიძე კი არა, მამა ზეციერი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, საქართველომ ეს ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან რომ გაუშვას", - თქვა გახარიამ.


close დახურვა